2020 წლიდან ავტოსადგურებისთვის შესაძლოა, ლიცენზირების პირობები გამკაცრდეს. ამის მიზეზი აღნიშნულ ობიექტებზე არსებული უკონტროლო ვითარებაა. კერძოდ, საუბარია, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე, გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, მათ ქაოსური განრიგზე, ე.წ უკანონო ავტოსადგურებზე და რაც ყველაზე მთავარია, უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფაზე.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების სამინისტროს მიერ შემუშავებულ დოკუმენტის მიხედვით, ყველა აღნიშნული ობიექტი კანონის ფარგლებში მკაცრ კონტროლს დაექვემდებარება.
დარგის სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ავტოსადგურების ლიცენზირების პირობები აუცილებლად გასაკმაცრებელია, რადგან ავტოსადგურებზე დღეს არსებული ვითარება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
როგორც ორგანიზაცია "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი აცხადებს, მოქმედი ავტოსადგურების უმრავლესობაში, ისევე როგორც სანტრანსპორტო საშუალებებში, უსაფრთხოების სტანდარტები აბსოლუტურად უგულებელყოფილია, რაც ცხადია რეგულირებას საჭიროებს.
„ნამდვილად მისასალმებელი ცვლილებებია, რადგან ავტოსადგურების დაურეგულირებელი ვითარება პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოებასთან. დღეის მდგომარეობით, ამ ქსელში ყველა საკუთარი სურვილისამებრ მოქმედებს, კერძო ინტერესები კი პირდაპირ აისახება უსაფრთხოების რისკებთან. მაგალითად, მძღოლებს არ აქვთ თავისი გრაფიკი, არ გააჩნიათ ფიქსირებული შემოსავლი, ისინი დამოკიდებული არიან მგზავრთა რაოდენობაზე, არავინ აკონტროლებს თუ როგორი პირობებია ტრანსპოსრტში და ა.შ. აბსოლუტურად უგულებელყოფილია მგზავრების უფლებები და მათი უსაფრთხოება. ეს სფერო კატასტროფულ მდგომარეობაშია და აბსოლუტურად აცდენილია იმ ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩოებს, რომელიც ზრუნავს საგზაო უსართხოებაზე. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ერთ-ერთი მაღალი რისკის შემცველი საქალაქთაშორისო გადაადგილებაა“,-აცხადებს ეკა ლალიაშილი.
მისივე თქმით, ავტოსადგურებზე არსებულ პრობლემებს, ემატება ის ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელიც მგზავრთა გადაყვანისთვის არ არის განკუთვნილი.
„საქალაქთაშორისო ტრანსპორტის უმეტესობა განკუთვნილია ტვირთის გადასაზიდად, რომელიც შემდეგ სამგზავრო ტრანპორტად კუსტარულად გადაკეთდა. სავარძლები ერთმანეთთან იმედენად ახლოსაა დამოტაჟებული, რომ მოქალაქეებისთვის ძალიან არაკომფორტულია გადაადგილება. წარმოუდგენელია, ამ მდგომარეობაში რამდენიმე საათიანი მგზავრობა. გარდა ამისა, ხელოვნურად ხდება დამატებით სკამების ჩადგმა და ა.შ. ასევე უნდა გავითვალისიწინოთ ის, რომ ყველა ტრანსპორტს აქვს ტვირთის აზიდვის თავისი შესაძლებლობა, რაც ტექნიკურად განსაზღვრულია. შესაბამისად, როდესაც უფრო მეტი მგზავრია და დამძიმებულია ავტომობილი, რა თქმა უნდა, საგზაო შემთხვევების რისკი იზრდება“,-აცხადებს ეკა ლალიაშვილი.
როგორც "საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის" თავმჯდომარე განმარტავს, რეგლამენტში გაწერილია თუ როგორი უნდა იყოს მოსაცდელი, რამდენი კვადრატული უნდა ეთმობოდეს, რა სერვისებით უნდა იყოს აღჭურვილი და ა.შ. მისი თქმით, დღეს ყველა ეს საკითხი მოსაწესრიგებელია, რათა საბოლოო ჯამში, უსაფრთხო საქალქთაშორისო გადაყვანები განხორციელდეს.
„რეგლამენტში დეტალურადაა გაწერილი ყველა ის პარამეტრი, რაც უნდა შესრულდეს და ავტოსადგური დაემსგავსოს ცივილურ მოსაცდელ ადგილს.
გარდა ამისა, მძღოლებს თავისი დღის გეგმა უნდა ჰქონდეს, რათა მგზავრმა იცოდეს, რა დროს, რომელი და რა მიმართულებით გადის ავტოსატრანსპორტო საშუალება. ამასთან, რეისში გასვლამდე უნდა მოწმდებოდეს მძღოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი, რადგან უსაფრთხოება მარტო ტრანსპორტის გაუმართაობით არ განისაზღვრება.
საბოლოო ჯამში, ყველა ამ კომპონენტის კონტროლი ეტაპობრივად საკმაოდ დადებით შედეგებამდე მიგვიყვანს. დარწმუნებული ვარ, ამას მოჰყვება დიდი პროტესტი მძღოლების მხრიდან, მაგრამ ჩვენ მათ უნდა გავაგებინოთ, რომ ეს მათივე და მგზავრების უსაფრთხოებისთვის კეთდება, რადგან ის შემოსავლი, რაც დღეს ამხელა სტრესისა და რისკის ფასად აქვთ მიღებული, სინამდვილეში ავტოსაგზაო შემთხვევების საწინდარია. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ დარეგულირდება, რაც მთავრობის მიერ შემოთავაზებულ რეგულაციებს მივიღებთ“,-აცხადებს ეკა ლალიაშვილი.
ავტოსადგურების გამართული მუშაობა პირდაპირ უსაფრთხოებას რომ უკავშირდება, ამაზე ამახვილებს ყურადღებას „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელი დავით მესხიშვილიც. როგორც ის აღნიშნავს, იმისთვის, რომ შედეგზე რეალურად გავიდეთ, აქ ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი კანონის აღსრულებაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკითხის მოგვარება, რადგან სადგურების გამართულობა პირდაპირ უკავშირდება საქალაქთაშორისო მგზავრთა უსაფრთხოებას. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ სადგურებთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტი აქამდეც არსებობდა, აქ მთავარი პრობლემა აღსრულებაა.
რაც შეეხება თვითონ სადგურებს, სტანდარტების დაცვა იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სადგური არის პასუხისმგებელი ყველა იმ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელიც მისი ტერიტორიიდან გადის. თუ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, სრულფასოვანი გამოძიების ჩატარება მხოლოდ ავტოსადგურიდან მიღებული ინფორმაციითაა შესაძლებელი. კერძოდ, ტრანპორტს ტექინსპექტირება გავლილი ჰქონდა თუ არა, შემოწმდა თუ არა მძღოლის ჯანმრთელობის, ასევე ტრანსპორტის მდგომარეობა და აშ. ამასთან, თვითონ სადგურები ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ გარდა კომფორტისა, მგზავრების უსაფრთხოებაც უზრუნველყოს. არ შეიძლება მგზავრები დადიოდნენ იქ, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ“,-აცხადებს დავით მესხიშვილი.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, უსაფრთხოების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს საქალაქთაშორისო ტრანსპრტის უმეტესობაც, რომელიც განკუთვნილია ტვირთებისთვის, სამგზავროდ კი კუსტარულადაა გადაკეთებული.
„არსებობს საერთაშორისო კონვენციები, რომელიც ტრანსპორტის გადაკეთებას უშვებს, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული სტანდარტის შესაბამისად. ჩვენთან გადაკეთებული სატრანსპორტო საშულებების უმეტესობა არ შეესაბამება არა თუ საერთაშორისო, არამედ აგდილობრივ, მოძველებულ კანონმდებლობასაც კი. დარღვეულია მგზავრთა უსაფრთხოების სტანდარტები. იგივე სალონის შემთხვევაში, სადაც სავარძლებს შორის მანძილი ისეთი ვიწროა, რომ კომფორტული გადაადგილება შეუძლებელია. ჩამატებულია სკამი და ა.შ. ზოგიერთი მარშუტკა გადაყვანილია გაზზე და არავინ იცის, ეს პროცედურა სწორად არის ჩატარებული თუ არა.
აქ პრობლემას კიდევ უფრო ართულებს უკანონო ავტოსადგურები. ეს არის თვითორგანიზებული გარკვეველი ჯგუფები, რომელთაც ჰყავთ ე.წ ხიშნიკი მძღოლები. ისინი რეგისტრირებული მძღოლების პარალელურად გადიან და მგზავრების აყვანას გზიდან ახდნენ. ალბათ, ყველას უნახავს, ამ დროს კონკურენციის მიზნით, როგორ ხდება გადასწრება, რაც დამატებით აჩენს ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ამ სფეროში სრული განუკითხაობაა, რასაც ხშირ შემთხვევაში, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება“ ,- ამბობს დავით მესხიშვილი.
როგორც ექსპერტები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, დღეს ავტოსადგურები და საერთოდ, საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანები არის თვითდინების რეჟიმში და მის კონტროლს ახორციელებენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მძღოლების დაშინებით თუ სხვა მეთოდებით ახერხებენ იმას, რომ ტრანსპორტის სახეობაც, მგზავრობის გრაფიკიც და რეისების ოდენობაც რეგულირდებოდეს მათ მიერ დადგენილი წესებით და არა იმ სტანდარტებით, რომლებიც გაწერილია რეგლამენტში და რომლის გამკაცრებაზეც მთავრობამ თავისი გეგმა უკვე დააანონსა.
ცალკე საკითხია ბილეთების გაყიდვიდან შემოსავლები, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ ფიქსირდება სრულად და, ასე ვთქვათ, „შიდა საგადასახადო“ სისტემის მეშვეობით მიდის არა ბიუჯეტში, არამედ იმ კლანური დაჯგუფებების ჯიბეში, რომლებიც ფაქტიურად მართავენ სექტორს.
„წლებია უკვე, რაც ეს სისტემა არის ჩაკეტილი, იქ ხდება ხაზების უკანონო ყიდვა გაყიდვა და მასში ვერ შედის ახალი ბიზნესი - უბრალოდ, არ უშვებენ და ამისთვის იყენებენ ყველანაირ მეთოდებს. თუ ეს მანკიერი სისტემა არ მოიშალა და არ გაჩნდა სექტორში თავისუფალი კონკურენციის შესაძლებლობა, კიდევ დიდხანს იქნება ავტოსადგურები ამ მდგომარეობაში, რაც საბოლოოდ ცუდად აისახება ქვეყნის იმიჯზე. იმედი გვაქვს, რომ ის რეფორმა, რაც დააანონსა ეკონომიკის სამინისტრომ შიდა სამგზავრო გადაყვანების მიმართულებით, მოგვიტანს რეალურ შედეგებს და ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტს ქვეყანაში სამგზავრო ტრანსპორტის ამ ნაწილში არსებულ სერიოზულ პრობლემებს“, - აცხადებენ ექსპერტები.
ავტოსადგურების ლიცენზირების ფარგლებში იგეგმება, ავტოსადგურების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი რეკონსტრუქცია. გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია, ავტოსატრანსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნაზეც, რამაც საბოლოო ჯამში, მგზავრთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, სამგზავრო გადაყვანების უსაფრთხოების გაზრდა, ტურიზმის განვითარება და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა უნდა უზრუნველყოს.
ავტოსადგური მგზავრთა უსაფრთხოებისა და კომფორტის პირობების მიხედვით დაიყოფა პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის/კლასის/ ავტოსადგურებად.
ავტოსადგურების მუშაობას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო გააკონტროლებს, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებასაც განახორციელებს.