მწვანე სატაცურზე მოთხოვნა იმდენად მზარდია, რომ ადგილობრივი წარმოება ბაზრის დაკმაყოფილებას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.
პროდუქტის მწარმოებელი, კოოპერატივი „რკ ოზაანის“ თავმჯდომარე ჯაბა გოგოლაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სატაცურის საბითუმო ღირებულება საშუალოდ 15 ლარია, სუპერმარკეტების ქსელში კი 25-30 ლარი.
რაც შეეხება პროდუქტზე მოთხოვნის ზრდას, ჯაბა გოგოლაშვილის თქმით, ამის გამომწვევი მიზეზი სატაცურის სასარგებლო თვისებებია.
კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა და მისი ძირითადი საქმიანობა სატაცურის წარმოებაა. ჯაბა გოგოლაშვილის ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 30 000 ლარია. წარმოებაში კი 12 ადამიანია დასაქმებული.
როგორც კოოპერატივის ხელმძღვანელი ამბობს, სატაცურის მოყვანით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პროდუქტის კულტივირების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
„როგორც წესი, სატაცური ველურად მოდის. ბავშვობაში ოჯახი დავდიოდით, ვკრეფდით და შემდეგ საკვებად ვიყენებდით. ძალიან გვიყვარდა, რადგან სასარგებლო თვისებების გარდა, გემური თვისებები ძალიან კარგი აქვს. მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ მისი კულტივირებაც შესაძლებელია, მოვიძიე ყველა ინფორმაცია, შევისწავლე და საცდელად ეზოში მოვიყვანე. ამის შემდეგ წარმოება ცოტა გავაფართოვე, თან დაკვირვებას ვაწარმოებდი. როდესაც ვნახე, რომ ყველანაირად კარგ შედეგს ვიღებდი, მისი მოყვანა დიდი ფართობზე გადავწყვიტე“,- ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.
ამჟამად კოოპერატივი სატაცურს 2 ჰექტარზე აწარმოებს. ჩითილის გამოყვანას კი აშშ-დან ჩამოტანილი სერტიფიცირებული თესლიდან ახდენს.
„ნახევარ ჰექტარზე, 4 და 5- წლიანი პლანტაციები გვქონდა, სადაც რიგით მეორე მოსავალს რამდენიმე დღეში ავიღებთ. ჰექტარ ნახევარზე კი 2 წლიანი, იქ კრეფას შემდეგი სეზონიდან დავიწყებთ.
ამ ეტაპზე სავარაუდოდ, 2 ტონამდე მოსავალი გვექნება. როდესაც მთლიან წარმოებას ავითვისებთ, მისი რაოდენობა საშუალოდ, 8 ტონამდე გაიზრდება. ეს უფრო მოვლა-პატრონობაზეა დამოკიდებული.
რაც შეეხება რეალიზებას, ჩვენს მიერ წარმებული სატაცური უფრო დიდ ქსელებში გაიყიდება. ახლა ისინიც ჩვენ მოსავალს ელოდებიან. შემდეგ უკვე დამატებით დავიწყებთ მოლაპარაკებებს.
სატაცურის საბითუმო ფასი საშუალოდ 15 ლარია, თუმცა პროდუქტს მცირე ფართობებზეც აწარმოებენ და კონკურენციის მიზნით, შედარებით დაბალ ფასშიც ყიდიან, დაახლოებით, 10-13 ლარად. ეს ხარისხზეა დამოკიდებული. სუპერმარკეტებში კი უფრო ძვირად, 25-30 ლარად იყიდება“,-ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.
მისი თქმით, მიუხედავად მაღალი ფასისა, მოსახლეობაში სატაცური დიდ დაინტერესებას იწვევს, მას შემდეგ კი, რაც მისი სასარგებლო თვისებების შესახებ იგებენ, მოთხოვნა სულ უფრო იზრდება.
„მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ ამ ეტაპზე მიწოდებით ვერ ვაკმაყოფილებთ. ამიტომ, პროდუქტის საზღვარგარეთ გატანისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. თუმცა წარმოების გაზრდას 5 ჰექტარამდე ვგეგმავთ და მერე ექსპორტზეც ვიფიქრებთ“,- აღნიშნავს ჯაბა გოგოლაშვილი.
ზოგადად, სატაცურის ნაკლებადცნობადობის გამო წლების განმავლობაში პროდუქციის იმპორტი საერთოდ არ ხდებოდა, თუმცა ბოლო წლებში ეს ტენდენცია შეიცვალა. მაგალითად, 2017 წელს სატაცურის იმპორტი წინა წელთან შედარებით თითქმის 6-ჯერ გაიზარდა. 2016 წელს შემოვიდა 1,5 ათასი დოლარის ღირებულების სატაცური, 2017 წელს - 8,4 ათასი დოლარის, 2018 წელს კი 6,2 ათასი დოლარის სატაცურის იმპორტი განხორციელდა. მიმდინარე წლის 2 თვეში (იანვარ-თებერვალში“ კი უკვე 3,8 ათასი დოლარის ღირებულების სატაცური შემოვიდა. იმპორტი, ძირითადად, ნიდერლანდებიდან ხორციელდება, მცირე ნაწილი კი - ლუქსემბურგიდან შემოდის.