ტექნიკური ინსპექტირებისას დახარვეზებული მანქანების მძღოლებისთვის ჯარიმის მოქმედების ხანგრძლივობა, შესაძლოა, 3 დღემდე შეამცირონ.
იმის გამო, რომ დაჯარიმებული მანქანები 1 თვის განმავლობაში ხელმეორედ არ ჯარიმდებიან და მოძრაობის უფლება არ ეზღუდებათ, ისინი ჩვეულებრივ დადიან და ავტოპარკის მდგომარეობაც არ იცვლება. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ინსპექტირების ცენტრებში შემოწმებული მანქანების 45%-ზე მეტი ხარვეზდება. სპეციალისტები ითხოვენ, რომ საჯარიმო სანქციები გამკაცრდეს და განმეორებითი ტექდათვალიერების ვადა 10-15 დღემდე შემცირდეს.
ფაქტია, რომ ავტომობილების უმეტესობა ტექნიკური ინსპექტირების გავლის პირველ ეტაპს მოუმზადებლად გადის. მართალია, 1 თვის ვადაში ისინი ისევ გადიან შემოწმებას, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, დახარვეზებული მანქანების 30% განმეორებით ტექდათვალიერებაზე არც მიდის.
1-ლი იანვრიდან მოყოლებული, ტექდათვალიერება 115 ათასზე მეტმა ავტომობილმა ვერ გაიარა. როგორც „რეზონანსს" ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის თავმჯდომარე ვაჟა იორდანიშვილმა განუცხადა, იანვრის შემდეგ ტექდათვალიერება სულ 250 000-მა მანქანამ გაიარა და აქედან 46%, ანუ 115 000 დახარვეზდა.
„დაწუნებული მანქანებიდან გადაადგილების უფლება მხოლოდ კომერციულ ტრანსპორტს ეკრძალება, ანუ მათ, რომლებიც მგზავრთა გადაყვანას ემსახურებიან. კერძო მანქანების მფლობელებს გადაადგილება არ ეზღუდებათ. განმეორებითი შემოწმებისას ძალიან ცოტა ხარვეზდება, თუმცა მანქანების დაახლოებით 30% განმეორებით შემოწმებაზე არც მიდის.
დაჯარიმების შემდეგ მათ აქვთ უფლება, კიდევ 1 თვე იმოძრაონ და არ დაჯარიმდნენ, რაც, ჩემი აზრით, საკანონმდებლო ხარვეზია. მუშაობა მიდის, რომ ჯარიმის მოქმედების ვადა 3 დღემდე შემცირდეს, მაგრამ როდის შეიცვლება პირობები, ვერ გეტყვით. დღესდღეობით ინსპექტირების ცენტრებში სტაბილურობა შეინიშნება, საბოლოო სურათი კი წლის ბოლოს გამოიკვეთება", - ამბობს იორდანაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეფასებით, საჯარიმო თანხის მოცულობა უნდა გაიზარდოს და პირობები გამკაცრდეს, რადგან დაჯარიმებული მძღოლების უმეტესობა სიტუაციის გამოსწორებას არც ცდილობს და ამით საერთო მდგომარეობა ზარალდება.
ფონდის -„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორი ირაკლი იზორია ამბობს, რომ თუკი ხელისუფლებას ვითარების გაუმჯობესება უნდა, ტექდათვალიერების საკითხები კიდევ უნდა გადაიხედოს და მიდგომა შეიცვალოს.
„შემოწმების პირველ ეტაპზე ბევრი მანქანა ხარვეზდება, მაგრამ იმავდროულად ეძლევათ შანსი, რომ 1 თვის ვადაში განმეორებით გაიარონ პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. ვერ ვიტყვით, რომ ყველა გუმართავია, ვინც ამ პროცესს ვერ გადის, ზოგს ფარები არ აქვს მწყობრში, ზოგს – უსაფრთხოების ღვედი, ზოგის საქარე მინა გაკაწრული და სხვა. შეიძლება ელემენტარული ხარვეზი იყოს, რისი გამოსწორებაც ადვილადაა შესაძლებელი.
ეს მანქანები 1 თვის ვადაში ჩვეულებრივ დადიან ქუჩაში, თუმცა თუკი მეორე ეტაპს ვერ გაივლიან, 50 ლარით დაჯარიმდებიან. მიმაჩნია, რომ საჯარიმო თანხა ძალიან მცირეა. გამოდის, რომ თუ გაუმართავია მანქანა, მძღოლს შეუძლია ყოველთვე გადაიხადოს 50 ლარი და უპრობლემოდ იაროს, ფაქტობრივად, ქირა გადაიხადოს იმისთვის, რომ ქუჩაში მოძრაობა მოახერხოს. მიდგომა არის შესაცვლელი, კერძოდ გამოსასწორებელი ვადა 10-15 დღემდე უნდა შემცირდეს, რომ უფრო მოინდომონ მძღოლებმა ხარვეზის გამოსწორება", - აღნიშნა „რეზონანსთან" ირაკლი იზორიამ.
მისი ვარაუდით, ტექდათვალიერების პროცესის შედეგს საქართველოს ავტოპარკი მომდენვო წლიდან იგრძნობს, როცა ტენდენცია გამოიკვეთება და ახალი რეალობა დადგება.
„როგორც ვიცით, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მსუბუქი ავტომობილებისთვის 1-ელ იანვრამდე არც იყო ძალაში. შესაბამისად, წლების განმავლობაში ისინი თავისუფლად მოძრაობდნენ და პრობლემები დაუგროვდათ. დღევანდელი მდგომარეობით, სიტუაცია გაუმჯობესდა და აუცილებლად მოუწევთ ტექნიკური ინსპექტირების გავლა და ტრანსპორტის გამართვა. იმის გამო, რომ ინსპექტირების ეტაპს მანქანები პასპორტის მიხედვით გადიან, შესაძლებელია, წლის ბოლომდე ბევრმა ტექნიკურად გაუმართავმა მანქანამაც იაროს, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.
წლის ბლოს უკვე ყველას ექნება ეს ეტაპი გავლილი და სრული სურათი გამოჩნდება. ჩვენ შეფასება შეგვიძლია მხოლოდ 2019 წლის შემდეგ, როგორ აისახა მდგომარეობა ავტოპარკზე, რამდენად გაუმჯობესდა სიტუაცია, რამდენი დახარვეზდა და იყო თუ არა მთლიანობაში ეს რეფორმა წარმატებული", - განაცხადა „რეზონანსთან" იზორიამ.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"