„დღეს ჩვენ ინიცირებას გავუკეთებთ ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც არსებული თუ ნებისმიერი მომავალი ხელისუფლება ვალდებული იქნება, ჩვენი მშპ-ს 6%, ანუ ბიუჯეტის 1/4 ყოველთვის მიმართოს განათლებაზე და ადამიანურ კაპიტალზე,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს განათლების ბიუჯეტი 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი იქნება.
მისივე თქმით, 2012 წელთან შედარებით 1 მილიარდით გაზარდეს განათლების ბიუჯეტი და წელს არის 1 მილიარდ 600 მილიონი.
„ჩვენ, ამავე დროს, ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2020 წელს ის იქნება 2 მილიარდი, 2021 წელს 2 მილიარდ ნახევარი, ხოლო 2022 წელს ის უკვე გაუტოლდება ჩვენი მშპ-ს 6%-ს, ანუ ეს იქნება 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი. ეს იქნება ის მინიმუმი, რომლის განათლებასა და ახალგაზრდებზე მიმართვის ვალდებულება ექნება ნებისმიერ ხელისუფლებას.
ეს არის ერთადერთი სწორი გზა ოკუპაციისგან და სიდუხჭირისგან თავისუფლებისკენ. ეს თანხა მოხმარდება ჩვენი განათლების სექტორის ხუთივე დონეს. ეს არის: სკოლამდელი განათლება, საშუალო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება და მეცნიერება,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.