მაროკოს მეფე აფრიკის მონარქებს შორის ყველაზე მდიდარია

მაროკოს მეფე მუჰამედ VI აფრიკის ყველაზე მდიდარ მონარქად დაასახელეს. კონტინენტის ყველაზე მდიდარი მონარქების ჩამონათვალში, რომელიც სამხრეთ-აფრიკულმა Business Insider South Africa-მ შეადგინა, პირველი სამეულის ქონება შეფასებულია 6,3 მილიარდ დოლარად.

მუჰამედ VI „ფორბსის“ მიხედვით 5,7 მილიარდის ქონებას ფლობს. მისი ქონება უპირველეს ყოვლისა, დაფუძნებულია წარმატებულ ინვესტიციებზე. მეფე ნაწილობრივ აკონტროლებს მაროკოულ ჰოლდინგს Societe Nationale d’Investissement, რომლის აქტივები 10 მილიარდ დოლარს აღემატება.

მასვე ეკუთვნის ქვეყნის ტერიტორიაზე განთავსებული ფოსფატების მსოფლიოში უმდიდესი საბადო. გარდა ამისა, მონარქისთვის მნიშვნელოვანი შემოსავალი მოაქვს ფინანსების სფეროში კაპიტალდაბანდებებს, სამთომრეწველობასა და ტელეკომუნიკაციების ბიზნესში ინვესტიციებს.

რეიტინგის მეორე ადგილზეა უგბოს სამეფოს მონარქი ფრედრიკ ობატერუ აკინრუტანი. ეს სამეფო ნიგერიის ჩრდილოეთში მდებარეობს. მისი ქონება შეფასებულია 300 მილიონ დოლარად, მისი შემოსავლების მთავარი წყაროა კაპიტალდაბანდება სანავთობო სექტორში. ის გახლავთ კომპანია Obat Oil-ის დამფუძნებელი, რომელიც ნიგერიაში ყველაზე მსხვილი სანავთობო კომპანიაა, ნიგერია კი ნავთობის წარმოებით ლიდერია აფრიკის კონტინენტზე.

აფრიკის მდიდარი მონარქების სამეულს კი ხურავს ესვატინის (ყოფილი სვაზილენდის) სამეფოს მმართველი აბსოლუტური მონარქი მსვატი III. მისი ქონება 200 მილიონ დოლარად არის შეფასებული და მისი ფორმირება ინვესტიციების ხარჯზე ხდება.

50 წლის მონარქმა სახელი გაითქვა მისი ქორწილებით - მას რამდენიმე ცოლი და უბრალოდ, რჩეული ჰყავს. ის ყველა მათგანს უძრავ ქონებას და ძვირფას ავტომობილებს ჩუქნის. მისი „ოჯახის“ შენახვაზე სახელმწიფო ბიუჯეტი საკმაოდ ბევრს ხარჯავს, 2014 წელს ბიუჯეტმა ამისთვის 60 მილიონი დოლარი გაიღო. 50 წლის იუბილეზე კი მონარქმა ბიუჯეტისგან საჩუქრად მიიღო თვითმფრინავი და აეროპორტი, რომელთა საერთო ღირებულებამ 180 მილიონი დოლარი შეადგინა.

კოკა კვირკველია