„სტანდარდ ენდ პუარის“ გლობალური რეიტინგის მონაცემებით, მას შემდეგ, რაც რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ბრიტანეთის ეკონომიკა ყოველ კვარტალში 6.6 მილიარდ სტერლინგს კარგავს.
სარეიტინგო სააგენტოს უფროს ეკონომისტ ბორის გლასის განცხადებით, მსოფლიოს მეხუთე უდიდესი ეკონომიკა გასული წლის ბოლოს დაახლოებით 3 პროცენტით დიდი იქნებოდა რომ არა ბრექსიტი და მასთან დაკავშირებული პრობლემები.
სააგენტოს მონაცემებით, ამჟამად ეკონომიკის ყოველკვარტალური ზრდა 0.43 პროცენტს შეადგენს, მაგრამ ბრექსიტი რომ არა, ის დაახლოებით 0.7 პროცენტი იქნებოდა.
„რეფერენდუმის შედეგების გამოქვეყნებისთანავე, სტერლინგი დაახლოებით 18 პროცენტით გაუფასურდა. ეს უკვე იყო იმის ნიშანი, თუ რა შედეგი მოჰყვებოდა კავშირიდან გასვლას. რეფერენდუმის შედეგმა ეკონომიკას ძლიერი წინააღმდეგობა შეუქმნა“, - ამბობს გლასი.
იმპორტის გაძვირების კვალობაზე, ინფლაციამ ზრდა დაიწყო, რამაც საყოფაცხოვრებო ხარჯების კლება გამოიწვია. „სტანდარდ ენდ პუარის“ გათვლებით, 2017 წლის მესამე კვარტალში ინფლაცია იმაზე 1.8 პროცენტით მაღალი იყო, ვიდრე ბრექსიტის ფაქტორის გარეშე იქნებოდა.
„გოლდმენ საქსის“ მიერ, უფრო ადრე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბრიტანეთის ეკონომიკას ბრექსიტი კვირაში დაახლოებით 600 მილიონი სტერლინგი უჯდება, როიტერსის ინფორმაციით კი, ეკონომიკის ყოველკვარტალური დანაკარგები 7.8 მილიარდ სტერლინგს აღწევს.