დედაქალაქის მერია საქართველოს სახალხო არტისტის, ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურული კომპოზიციის, ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალისა და 13 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზების შერჩევის მიზნით კონკურსს აცხადებს.
ამის შესახებ თბილისის მერიიდან იუწყებიან.
მერიის მიერ გამოცხადებული სამივე კონკურსი ითვალისწინებს აღნიშნული პროექტების განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენას.
ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი კრწანისის რაიონში მდებარე პარკში განთავსდება, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება - გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით.
თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში.
ვერიკო ანჯაფარიძის სკულპტურის პროექტის განხორციელებისთვის საერთო სახარჯთაღრიცხვო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს – 50 000 ლარს. ამ თანხაში უნდა იყოს გათვალისწინებული ავტორის ჰონორარი. რაც შეეხება ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალს, მისი საერთო ღირებულება განისაზღვრა არაუმეტეს 120 000 ლარით, ხოლო ჰიპოპოტამის ქანდაკება - არაუმეტეს 90 000 ლარით.
კონკურსების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე.