ტენდენციები მიგვანიშნებს, რომ შეიძლება საბანკო რეგულაციების გადახედვა მოგვიწიოს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემის შეფასებისას აღნიშნა, ის ამ მასშტაბის რეგულაციების მომხრე არც მისი მიღების დროს იყო და არც ახლა არის.
„არც მაშინ ვიყავი ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციების მომხრე, არც დღეს ვარ. იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნული ბანკი თავის თავში იპოვის ძალას, რომ თუ საჭიროა, გადახედოს ამ რეგულაციებს. ჯერ ცოტა ნაადრევია, რომ ჩვენ ამ რეგულაციების ეფექტი განვსაზღვროთ, თუმცა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ამ რეგულაციების ეფექტი, მაგალითად, სამშენებლო სექტორზე. მე მიმაჩნია, რომ იქ შეძლებისდაგვარად ამ რეგულაციების შესუსტება უნდა მოხდეს. რამდენად უნდა გადაიხედოს რეგულაცია, ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა, მათ შორის ეროვნულ ბანკთანაც არის კონსულტაციები. მგონია, რომ ჯერ მაინც არ არის საკმარისი დრო გასული საბოლოო დასკვნებისთვის, თუმცა ტენდენციები ასე თუ ისე მიგვანიშნებს, რომ შეიძლება მოგვიწიოს გადახედვა. მე პირადად, ამის მომხრე ვიქნები,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.