კობა გვენეტაძე: „სწრაფ სესხებზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 3,000%-მდეც ადიოდა“

„სწრაფ სესხებზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 3,000%-მდეც ადიოდა“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. ამასთან, ის ევროდირექტივების მოთხოვნაცაა.

კობა გვენეტაძემ დღევანდელ სესიაზე საცალო დაკრედიტების კუთხით საერთაშორისო გამოცდილებაზეც ისაუბრა: „ჩვენი როლი, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობასთან ერთად, ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა. შესაბამისად, გადაიდგა ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენამდე სხვა, უფრო განვითარებულმა ქვეყნებმა გადადგეს. მაგალითად, სწრაფი სესხების საერთაშორისო კომპანია „ვივუსი“/”4Finance”-ი, რომელსაც, ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთები ჰქონდა, არ შედის ისეთ ბაზრებზე, სადაც მსგავსი რეგულაციები წლების წინ ამოქმედდა (მაგ. დიდი ბრიტანეთი) და ეტაპობრივად ამცირებს ოპერაციებს ან საერთოდ გამოდის იმ ბაზრებიდან, სადაც ბოლო წლებში ჩვენი რეგულაციების მსგავსი პრინციპები დაინერგა (მაგ. შვედეთი, ფინეთი, ლატვია, რუმინეთი). შეგახსენებთ, რომ ასეთ სწრაფ სესხებზე, 2017 წლამდე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ხშირ შემთხვევაში 3,000%-მდეც ადიოდა. საპროცენტო განაკვეთის 100%-მდე და შემდეგ კი 50%-მდე შეზღუდვამ მეტწილად შეწყვიტა ე.წ. „მტაცებლური სესხები“. ასევე გემახსოვრებათ, რომ სატელევიზიო სარეკლამო ბადის მნიშვნელოვანი ნაწილს ასეთი სესხების შეცდომაში შემყვან რეკლამებს ეკავა. ეფექტური განაკვეთის 100%-მდე შეზღუდვას დიდი აჟიოტაჟი მოყვა. იყო საუბარი, რომ ეს კომპანიები ჩრდილოვან სექტორში გადაინაცვლებდნენ და მოსახლეობის მასობრივ დაკრედიტებას გააგრძელებდნენ. როგორც ხედავთ, ეს ასე არ მოხდა. ეს სქემები ეტაპობრივად დაიხურა და ამ კომპანიების ნაწილმა სხვა ქვეყნებში გადაინაცვლა, სადაც მსგავსი რეგულაციები მხოლოდ ახლა ინერგება“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისივე განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების მთავარი კომპონენტი სწორედ პასუხისმგებლიანი დაკრედიტებაა, რაც გულისხმობს სესხის გაცემას მხოლოდ მსესხებლის გადახდისუნარიანობის შესწავლის შემდეგ. ეს პრინციპი ყველა განვითარებულ ქვეყანაში მოქმედებს. ამასთან, ის ევროდირექტივების მოთხოვნაცაა. თუმცა, ამ მიდგომის გამკაცრების საჭიროება განსაკუთრებით გამოიკვეთა 2008 წლის გლობალური კრიზისის შემდგომ, როდესაც ის ფიზიკურ პირები, რომლებსაც ჭარბი სესხები ჰქონდათ (საუბარი, ძირითადად იპოთეკურ სესხებზეა), განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.