„ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის რეგულაციებს, მოკლევადიან პერიოდში, ვერ ექნებოდა პოზიტიური გავლენა“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომელთა ბიზნესმოდელი აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე, თუმცა მისი თქმით, მანამდე არსებული დაკრედიტების გაგრძელების შემთხვევაში გაცილებით მძიმე შედეგები დადგებოდა.
„საზოგადოებას შევახსენებ, თუ რა რთული მდგომარეობა იყო რეგულაციების შემოღებამდე, ფიზიკური პირების არაჯანსაღი დაკრედიტების კუთხით. ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და სხვადასხვა კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების სრულიად უპასუხისმგებლო, ე.წ მტაცებლურმა, აგრესიულმა დაკრედიტებამ მოსახლეობის დიდი ნაწილი ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. 700 000-მდე მოქალაქე გადახდისუუნარო აღმოჩნდა. გარდა ამისა, ასი ათასობით ადამიანს მის შემოსავალთან შედარებით, არაადეკვატურად მაღალი სესხები გააჩნდათ. ვიღებთ ძალიან ბევრ წერილს მოქალაქეებისგან, რომლებმაც უძრავი ქონება დაკარგეს, ან დაკარგვის რისკის ქვეშ არიან, გაუცნობიერებლად მიღებული გადაწყეტილების გამო. სესხის მომსახურების კუთხით სიძნელეების მთავარი მიზეზი, სწორედ დაკრედიტების კუთხით არსებული უპასუხისმგებლო პრაქტიკა იყო. მე ძალიან კარგად მესმის, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილისთვის რეგულაციებს მოკლევადიან პერიოდში ვერ ექნებოდა პოზიტიური გავლენა. პრობლემები შეექმნათ იმ ტიპის ბიზნესებს, რომელთა ბიზნესმოდელი აგებული იყო სწრაფ სასესხო პროდუქტებზე, რომელიც გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაიცემოდა. თუმცა ამავდროულად, უნდა შევხედოთ დიდ სურათს, თუ რა შედეგი დაგვიდგებოდა, ამ ტიპის დაკრედიტების გაგრძელების შემთხვევაში. სხვა ქვეყნების გამოცდილებით, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვა, რომ რამდენიმე წელიწადში უმძიმესი შედეგი დადგებოდა, მოსახლეობის დიდი ნაწილისა და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკისთვის. უმუშევრობა მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა. ჩვენი ყველასი, როგორც ეროვნული ბანკის, ისე პარლამენტისა და მთავრობის ფუნქცია, როლი და მანდატია, რომ არ დაველოდოთ, ვითარების რადიკალურად გაუარესებას და სამომავლო პრობლემების თავიდან ასაცილებლად, დროულად მივიღოთ ზომები. ბოლო 6 წლის განმავლობაში ფიზიკური პირების დაკრედიტება, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 15%-დან 40%-მდე გაიზარდა. ამასთან, დაკრედიტების ზრდის ტემპი, ეკონომიკის ზრდის ტემპებთან შედარებით, ასევე საკმაოდ მაღალი იყო. კერძოდ, საკრედიტო ზრდა ბოლო 3-5 წლის განმავლობაში წლიურად 20%-ზე მაღალი იყო“,-განაცხადა კობა გვენეტაძემ.