„მიუხედავად იმისა, რომ იპოთეკური სესხები ჭარბვალიანობის მიზეზი არ ყოფილა, ბოლო პერიოდში იპოთეკური სესხების გაცემის სტანდარტების მნიშვნელოვანი შერბილება შეინიშნებოდა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, იპოთეკური სესხები - განსაკუთრებით უცხოური ვალუტით - მოსახლეობის შემოსავლებთან შედარებით გაცილებით სწრაფად იზრდებოდა. ბოლო ორი წლის მანძილზე, საშუალო წლიური ზრდის ტემპი 30%-ს აღემატებოდა, რაც ძალიან მაღალია.
„იპოთეკური სესხებისთვის საწყის პერიოდში დამახასიათებელია დეფოლტის დაბალი დონე, თუმცა, სესხების უპასუხისმგებლო სტანდარტებით გაცემა, რაც ჩვენთან უფრო და უფრო იკიდებდა ფეხს, მომავალში დეფოლტის მაღალ დონეს იწვევს. ეს კი დიდი ალბათობით სისტემურ კრიზისში შეიძლება გადაიზარდოს. თუ გავიხსენებთ 2014 -2015 წლის სიძნელეებს, რომელიც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასთან იყო დაკავშირებული, უცხოურ ვალუტაში არსებული იპოთეკური პორტფელის ხარისხის შენარჩუნება უმეტესწილად რესტრუქტურიზაციების, დაგრძელვადიანებისა და საპროცენტო განაკვეთების შემცირების ხარჯზე მოხერხდა. დროის ნებისმიერ მონაკვეთში კი ეს ზომები შეიძლება ვერ გატარდეს, რაც პორტფელის ხარისხის საგრძნობლად გაუარესებას და შედეგად, საფინანსო სექტორის სირთულეებს გამოიწვევს“ -აღნიშნა გვენეტაძემ.
მისივე თქმით, სწორედ მომავალი ფინანსური კრიზისის თავიდან აცილების, საფინანსო სისტემის სტაბილური ფუნქციონირების ხელშეწყობისა და ჯანსაღი დაკრედიტების წახალისების მიზნით, რიგ ევროპულ ქვეყნებში, როგორებიცაა: ჩეხეთი, ლიეტუვა, ესტონეთი, უნგრეთი, შვედეთი, დანია, შვეიცარია და ა.შ. შემოიღეს სესხის მომსახურებისა და უზრუნველყოფის მკაცრი კოეფიციენტები - აღნიშნა კობა გვენეტაძემ რეგულაციებზე საუბრისას.
„შინამეურნეობების ჭარბვალიანობის ზრდა და შერბილებული საკრედიტო პირობები 2008 წლის აშშ-ს ფინანსური კრიზისის ღრმა რეცესიად გადაქცევის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო. კრიზისამდე 5 წლის განმავლობაში შინამეურნეობების ვალის მშპ-თან თანაფარდობა სწრაფად იზრდებოდა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა აშშ, ირლანდია, ესპანეთი. აღნიშნულ პერიოდში, ამ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა და საკრედიტო დანაკარგები მცირე იყო. მიუხედავად იმისა, რომ გადახდისუნარიანობის ანალიზის გარეშე გაცემულმა არაჯანსაღმა სესხებმა მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკის მაღალ ზრდას შეუწყო ხელი, მისი საბოლოო შედეგი ფინანსური კრიზისი იყო. კრიზისის თავიდან აცილება, ან მინიმუმ, მისი უარყოფითი შედეგების შემცირება, დიდი ალბათობით, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ დროულად დაინერგებოდა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრაქტიკა და მოსახლეობის დაკრედიტება მათი გადახდისუნარიანობის საფუძველზე მოხდებოდა“, - განაცხადა გვენეტაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა უნგრეთის მაგალითიც მოიყვანა, სადაც 2000-იანი წლების შუა პერიოდში საოჯახო მეურნეობების უცხოური ვალუტით დავალიანება მკვეთრად გაიზარდა. უცხოური ვალუტით დავალიანების ზრდის მთავარი მიზეზი რისკების არასათანადო შეფასება იყო. 2008 წელს უნგრეთის ეკონომიკა 7%-ით შემცირდა და პრობლემების წინაშე ბანკებიც აღმოჩნდნენ. შედეგად, 2014 წელს უნგრეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც პასუხისმგებლიანი დაკრედიტების რეგულაციები შემოიღო.
გვენეტაძემ განმარტა, რომ რომ სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი საქართველოს შემთხვევაში შემოსავლის მიხედვით 30%-დან 60%-მდე მერყეობს. ეს უკანასკნელი კი ერთ-ერთ ყველაზე რბილ მაჩვენებელს წარმოადგენს. ჩვენზე უფრო განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში კი ეს კოეფიციენტი გაცილებით უფრო დაბალია. მაგალითად, ის ჩეხეთში 45%-ს, ხოლო ესტონეთსა და ლიეტუვაში 50%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით, სესხის მომსახურების 40%-ზე მაღალი კოეფიციენტი მნიშვნელოვნად ზრდის მსესხებლის მოწყვლადობას. ასევე, საერთაშორისო კვლევა აჩვენებს, რომ გადახდისუნარიანობის შესწავლის გარეშე დაკრედიტების ბიზნესმოდელი მსესხებელთა დიდი ნაწილის ფინანსურ მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუარესებს და ფინანსური სტაბილურობის რისკებს ზრდის.
„სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში უფრო რბილი მიდგომაა შემოსავლის დადასტურებასთან დაკავშირებით. კერძოდ, ბანკებს უფლება აქვთ, რეგულაციამდე არსებული პრაქტიკის მსგავსად, შემოსავალში გაითვალისწინონ არაფორმალური სექტორიდან მიღებული შემოსავლები, რაც საერთაშორისო პრაქტიკაში საკმაოდ იშვიათია“, - აღნიშნა გვენეტაძემ.