„რეზონანსი" - მინიმუმ 1 წელი პური არ გაძვირდება

საქართველოში მომდევნო 1 წლის განმავლობაში პური არ გაძვირდება.

როგორც მთავრობაში აცხადებენ, მიმდინარეობს მუშაობა ფასის კლების მიმართულებით, რათა მწარმოებლებს მიეცეთ დანახარჯების შემცირების შესაძლებლობა. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ბაზრის კვლევა კი საპირისპიროს აჩვენებს. თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის აგრომიმოხილვის მიხედვით, მოსალოდნელია რუსეთიდან იმპორტის კლება, რაც პურის ფასზეც აისახება. ამ მოსაზრებას მწარმოებლები კატეგორიულად ემიჯნებიან.

ISET-ის ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არცთუ დამაიმედებელია.

კერძოდ, მოსალოდნელია რუსეთში ხორბლის წარმოების 16%-ით შემცირება, ხოლო ქვეყნის ექსპორტი, შესაბამისად, 11%-ით დაიკლებს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხორბლის ფქვილის წმინდა იმპორტიორია და რუსეთის წილი საქართველოს ხორბლის ფქვილის იმპორტს დაახლოებით 90%-ს შეადგენს, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ტენდენცია ქართულ ბაზარზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.

პურის ფასის საკითხს გუშინვე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა. მისი აზრით, საქართველოში პურის გაძვირების საფუძველი არ არსებობს და რიგი ფაქტორების გათვალისწინებით მწარმოებლებს, პირიქით, ფასის კლების შესაძლებლობაც ექნებათ. მაგალითად მან კომპანიებისთვის გაზმომარაგებისა და ელექტროენერგიის მიწოდების უკეთესი პირობების შეთავაზება დაასახელა.

„ჩვენ ვიცით, რომ ეს არის სენსიტიური მიმართულება, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. თუკი რამე პრობლემა გაჩნდა, მზად ვართ მათთან საკონსულტაციოდ.

გარდა ამისა, ვქმნით კონკურენტულ ელექტროენერგიის ბაზარს, კონკურენტულ გაზის ბაზარს, რაც ასევე მისცემთ საშუალებას, რომ შეამცირონ თავისი დანახარჯი და კვლავ შეინარჩუნონ მიმზიდველი ფასი", - განაცხადა თურნავამ.

პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე ირწმუნება, რომ პური არ გაძვირდება, თუმცა საუბრობს იმაზეც, რომ ბაზრისთვის დაწესებული სტადარტი, კერძოდ, პროდუქტის შეფუთვასთან დაკავშირებული მოთხოვნა მწარმოებლებისთვის დიდი სიძნელეა და არსებულ რეალობასთან შეუსაბამო.

„პურის გაძვირება მტკივნეული და არაპოპულარული მეთოდია, რადგან მომხმარებელი მძიმედ აღიქვამს. პირობას ვიძლევი, რომ არ გაძვირდება, ეს გამორიცხულია. კვლევა ჩატარდა ტარიფების გათვალისწინებით, მაგრამ საწარმოო პროცესების შესახებ, შესაძლოა, არასწორი წარმოდგენა ჰქონდათ. ასე მწვავედ დღეს ეს საკითხი არ დგას.

მსოფლიო ბაზარზე ფასმა ცოტათი დაიკლო ხორბალზე, ესეც გვაძლევს მლოდინს, რომ ფასი აქაც დაკორექტირდეს, მაგრამ ჯერჯერობით ამაზე საუბარი ნაადრევია. თუ არ შეამცირებენ, პურს რეალურად ვერავინ გააძვირებს. სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ფასი შეამცირონ. ენერგომატარებლებზე ტარიფი თუ დაიკლებს, პურპროდუქტების ღირებულებაც შეიძლება გადაიხედოს.

პრობლემას ჯერჯერობით შეფუთვასთან დაკავშირებული საკითხი ქმნის. შესაფუთი დანადგარი ღირს 200 000 დოლარი. საქართველოში ვერც ერთ საწარმოს ვერ დამისახელებთ, რომ ასეთი დანადგარით იყოს აღჭურვილი. ამ დროს პრეტენზიაა სტანდარტზე, რომლის დაკმაყოფილება მეწარმისთვის რთულია", - აცხადებს „რეზონანსთან" დოლიძე.

რაც შეეხება ფქვილის ფასს, ცვლილება არც ამ მიმართულებით იგეგმება. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ დეკემბრის შემდეგ გაძვირების რისკი საქართველოში არ დამდგარა. სამომავლოდ, შესაძლოა, მცირე ცვლილება მოხდეს, მაგრამ ეს პურის ფასზე გავლენას ვერ იქონიებს.

„ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ ბაზრების დივერსიფიცირება მოხდეს. ერთ ქვეყანაზე, მით უმეტეს რუსეთზე ჩამოკიდება ყოველთვის არის რისკფაქტორი, ისედაც არ გვაქვს ნორმალური ურთიერთობა. ბაზრის დივერსიფიცირებისთვის კი მთავარი მდგრადი მექანიზმის შექმნაა.

დეკემბერში გაძვირდა ფქვილი და ამან პურის ფასზეც მოახდინა გავლენა. დღეს ფქვილის გაძვირების ალბათობასაც ვერ დავუშვებთ, მაქსიმუმ, 2 ლარით შეიძლება გაძვირდეს 1 ტომარა, რაც ფასზე გავლენას ვერ მოახდენს. თავის დროზე ფქვილის გაძვირება ძირითადად მარაგის კლებით იყო გამოწვეული, 1 თვეში 11 ლარით გაძვირდა, რაც ბაზარმა ვერ გადაიტანა", - ამბობს სილაგავა და დასძენს, რომ მარაგთან დაკავშირებული საკითხია მოსაგვარებელი, რაც პურის ფასის საკითხსაც საბოლოოდ დააბალანსებს.

„კონკურენციის სააგენტოს დაევალა პურის ბაზრის კვლევა და ეს პროცესი დღესაც გრძელდება. მივესალმებით, რომ ამ საკითხის განხილვა მოხდეს და მთავრობამ ჩამოაყალიბოს ისეთი მექანიზმი, რაც ბაზარს რისკისგან დაიცავს. სახარბიელო სიტუაცია მსოფლიოს ბაზრებზე ნამდვილად არ გვაქვს, საკმაოდ მერყევი ფასებია.

მოსავალთან დაკავშირებით პროგნოზი თვის ბოლომდე გამოქვეყნდება, თუმცა რადიკალურ ცვლილებას არ ველოდები, მთავარია, გარდამავალი მარაგის საკითხი მოგვარდეს. მეპურეების პათოსს ვეთანხმები და დავძენ, რომ ფქვილის და, შესაბამისად, პურის ფასი არ მოიმატებს.

ჩვენ ადგილობრივი ხორბლის მოსავლის მხოლოდ 10%-ს ვიყენებთ და დიდწილად იმპორტზე ვართ დამოკიდებული. წარმოებას როგორმე უნდა შეეწყოს ხელი, რომ იმპორტზე დამოკიდებულება შემსუბუქდეს. მიუხედავად ამისა, ამ მოცემულობაში პროდუქტის გაძვირების საფრთხეს ვერ ვხედავ. ბოლო წლების განმავლობაში ბევრჯერ დავდექით რისკის წინაშე და ბაზრის დასაცავად ძალიან სწორი, გონივრული პოლიტიკა უნდა შემუშავდეს", - განუცხადა „რეზონანსს" სილაგავამ.

მარი ჩიტაია

გაზეთი „რეზონანსი"