ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკი „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო არსებობაზე 17 მილიონი დოლარის სესხის თაობაზე ინფორმაციის გავრცელებამდეც საუბრობდა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას კობა გვენეტაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვების რეკომენდაციის გაცემაზე ისაუბრა და ამ გადაწყვეტილების მიღებამდე განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება.
გვენეტაძის განმარტებით, 2014 წლიდან რეგულატორი ბანკში კორპორაციული მართვის ხარისხის გაუმჯობესებას თანმიმდევრულად ცდილობდა.
„2014 წლის მაისში ბანკის მენეჯმენტს და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს დამოუკიდებელი წევრების ჩანაცვლების შესახებ მითითება გაეგზავნა. ამავე წერილში ბანკს მოეთხოვა ინტერესთა კონფლიქტის მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება. 2015 წლის მარტში ბანკს გაეგზავნა წერილი, სადაც იგივე მოთხოვნები მეორდებოდა და ბანკს მოეთხოვებოდა ამ წერილის საზედამხედველო საბჭოს წევრებისთვის გაცნობა. 2015 წლის აპრილში ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკს“ კიდევ ერთხელ მიწერა ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნული იყო ფუნდამენტურად გამოუსწორებელი საკითხები კორპორაციული მართვის და ინტერესთა კონფლიქტის რისკების კუთხით, რომლებიც დამფუძნებელი ადმინისტრატორების პირად ბიზნესინტერესებს უკავშირდებოდა. 2016 წელს ეროვნულმა ბანკმა კვლავ წამოწია კორპორაციული მართვის ჭრილში არსებული პრობლემები და „თიბისი ბანკს“ გაუზიარა მოსაზრებები საბჭოს რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობდა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარაძის მიერ სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას“, - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
კობა გვენეტაძის განცხადებით, 2017 წელს ბანკის მენეჯმენტთან მიმდინარეობდა კორესპოდენცია და ინტერესთა კონფლიქტის შესაძლო დარღვევების კონკრეტული შემთხვევების განხილვა.
„ინტერესთა კონფლიქტის საკითხი ხაზგასმული იყო 2018 წლის თებერვლის რისკების შეფასების საერთო პროგრამის წერილში, რომელმაც ბანკს დამატებითი კაპიტალის მოთხოვნა დაუწესა. კაპიტალის ამ ბუფერის დაწესების ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ ბანკის საკუთარი ბიზნესინტერესებისთვის შესაძლო გამოყენების რისკების მოტივაცია იყო. ეს მოთხოვნა ბანკისთვის თავისთავად საკმაოდ მძიმე ტვირთია, ვინაიდან ნიშნავს აქციონერების მიერ რამდენიმე ასეული მილიონი ლარის მობილიზების ვალდებულებას, რაც ზღუდავს ბანკის აქტივების ზრდას და ამცირებს მომგებიანობას.“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
იმის მტკიცებულებად, რომ ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე „თიბისი ბანკის“ მენეჯმენტთან საუბარი 17 მილიონი დოლარის სესხის გაცემის ფაქტის გახმაურებამდე მიმდინარეობდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტი მოიყვანა, რომელსაც ეროვნულმა ბანკმა გრიფი მოხსნა. კობა გვენეტაძე განმარტავს, რომ რისკების შეფასების საერთო პროგრამის ფარგლებში ბანკის მენეჯმენტსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს წერილი 2018 წლის 22 თებერვალს გაეგზავნათ და მასში აღნიშნულია, რომ „სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის მიერ, აღმასრულებელი და საზედამხედველო ფუნქციების შეთავსება ქმნის ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობისა და უფლებამოსლების გადაჭარბებული კონცენტრაციის შესაძლებლობას“.