ევროკიმისიამ უმსხვილესი გერმანული ავტომწარმოებელი კომპანიები - BMW, Daimler და VW (რომელშიც ასევე შედის თავად Volkswagen, Audi და Porsche) - კარტელურ გარიგებაში დაადანაშაულა.ევროკომისიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, კომპანიები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა ევროპაში ავტომობილების გამონაბოლქვი აირების შემცირების ტექნოლოგიაზე მუშაობა შეფერხებულიყო.
„ევროკომისიამ გაუგზავნა BMW, Daimler და VW-ს წინასწარი დასკვნა, რომ 2006 წლიდან 2014 წლამდე ისინი თანამშრომლობდნენ, რათა შეემცირებინათ კონკურენცია გამონაბოლქვი აირების გაწმენდის ტექნოლოგიაზე მუშაობისას, ბენზინისა და დიზელისძრავიან ავტომობილებში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
„კომპანიებს შეუძლიათ ითანამშრომლონ სხვადასხვა ფორმით მათი პროდუქციის გაუმჯობესებისთვის. თუმცა ევროპული ნორმები კონკურენციაზე არ აძლევს კომპანიებს უფლებას, იმუშაონ საპირისპირო მიზნისთვის, რათა არ გააუმჯობესონ საკუთარი პროდუქცია და არ ეპაექრონ ერთმანეთს ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ჩვენ ვწუხვართ, რომ ზუსტად ეს მოხდა BMW, Daimler და VW-ს შორის, რომლებიც სავარუდოდ, არღვევდნენ ამ ნორმებს“, - განაცხადა ევროკომისარმა კონკურენციის საკითხებში მარგარეტ ვესტაგერმა.
ახლა ევროკომისია ამ კომპანიებისგან ელოდება მათ წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებზე განმარტებას. კომპანიების დანაშაულზე საბოლოო ვერდიქტს კი ევროკომისიის ანტიმონოპოლიური სამსახური გამოიტანს. ამ საქმის ძიების დასრულების ვადებზე კი ევროკომისია ჯერჯერობით არაფერს წერს.