Amazon-ი მრავალფუნქციურ ყურსასმენებს გამოუშვებს

კომპანია Amazon-ი ახალი უსადენო ყურსასმენების გამოშვებისთვის ემზადება, რომელთაც ამავდროულად ხმოვან ასისტენტთან Alexa ექნება წვდომა. როგორც სააგენტო Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, სიახლე ბაზარზე წლის მეორე ნახევარში უნდა გამოჩნდეს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ყურსასმენები ვიზუალურად დაემსგავსება Apple-ის წარმოების AirPods და ანალოგიურადაც იმუშავებს, თუმცა ხარისხი გაუმჯობესებული ექნება. ხმოვანი ასისტენტი Alexa კი საშუალებას მისცემს მომხმარებელს განახორციელოს შეკვეთები, შეარჩიოს მუსიკა და გამოიცნოს ამინდი და სხვა ნებისმიერი ინფორმაცია. ამასთან, ის უპასუხებს ზარებს და გადართავს მუსიკებს ჟესტიკულაციის დახმარებით.

წინასწარი ინფორმაციით, ყურსასმენები გაიყიდება სპეციალურ დამტენ-ყუთში და წარმოდგენილი იქნება შავ და რუხ ფერებში.

თავად Amazon-ში ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.

კოკა კვირკველია