ბატონი ბადრი ჯაფარიძე და ბატონი მამუკა ხაზარაძე ეროვნულ ბანკთან სასამართლო დავას განაგრძობენ და როგორც ცივილიზებულ სამყაროშია, სასამართლომ გადაწყვიტოს ის, თუ რამდენად სამართლიანები, ან არასამართლიანები ვიყავით დამფუძნებელ აქციონერებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის დირექტორმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.
აღნიშნულით, მან დეპუტატ ეკა ბესელიას კითხვას გასცა პასუხი, თუ რამდენად თანმიმდევრული და პროპორციული გადაწყვეტილებები გამოიყენა ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ საქმესთან დაკავშირებით.
„ქალბატონო ეკა, ჩამოვაყალიბე ის, თუ საიდან დაიწყო ზოგადად, ეს შემთხვევა, რატომ დავინტერესდით ჩვენ. ამას ჩვენი მანდატი, კანონმდებლობა გვავალდებულებდა. ზუსტად აქედან დაიწყო ამ საკითხის გამოკვლევა. რაც შეეხება იმას, რამდენად თანმიმდევრული და პროპორციული იყო გადაწყვეტილებები, რაც გამოვიყენეთ, ვფიქრობთ, რომ აბსოლუტურად პროპორციული იყო, აბსოლუტურად ადეკვატური იყო. მოგეხსენებათ, ბატონი ბადრი და ბატონი მამუკა სასამართლო დავას განაგრძობენ ეროვნულ ბანკთან და როგორც ცივილიზებულ სამყაროშია, სასამართლომ გადაწყვიტოს ის, თუ რამდენად სამართლიანები, ან არასამართლიანები ვიყავით დამფუძნებელ-აქციონერებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გვენეტაძემ.