თებერვალში უძრავი ქონების ტრანზაქციები 19,9%-ით შემცირდა

საქართველოში უძრავი ქონების რეგისტრაცია შემცირდა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, 2019 წლის თებერვალში უძრავი ქონების სარეგისტრაციო ტრანზაქციათა რაოდენობა წინა წლის იმავე თვესთან შედარებით 19.9%-ით შემცირდა და ქვეყნის მასშტაბით 59 733 ერთეული შეადგინა. 2018 წლის თებერვალში კი ტრანზაქცია 74 532 ერთეულ უძრავ ქონებაზე განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 29,4%-ით აღემატებოდა.

აშკარაა, რომ წინა წლის იმავე თვესთან შედარებით შემცირდა უძრავი ქონების როგორც პირველადი (38.6%-ით), ისე მეორადი (11.9%-ით) ტრანზაქციების რაოდენობა. 2019 წლის თებერვალში პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ 13 607 ერთეული შეადგინა, საიდანაც 8 439 ერთეული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაციაა. მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების რაოდენობამ კი 46 126 ერთეული შეადგინა, საიდანაც 6 675 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციაა, ხოლო 1 972 - სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია (რეგისტრაციის გაუქმება).

რაც შეეხება პირველად და მეორად სარეგისტრაციო ტრანზაქციებს შორის თანაფარდობას, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით გაიზარდა მეორადი სარეგისტრაციო ტრანზაქციების წილი: 2019 წლის თებერვალში განხორციელებული სარეგისტრაციო ტრანზაქციების 77.2%-ს მეორადი, ხოლო 22.8%-ს პირველადი სარეგისტრაციო ტრანზაქციები შეადგენს (2018 წლის თებერვალში კი, შესაბამისად 70.2% და 29.8%).