სწავლის საფასურის გადასახდელად, ავტოგასამართ სადგურზე უწევდა მუშაობა, ახლა კი Forbes მილიარდელთა ათეულშია. ეს ამერიკელი ბიზნესმენის, მაიკლ ბლუმბერგის მიერ გავლილი გზაა. მის სახელს უკავშირდება მსოფლიოში კარგად ცნობილი, საფინანსო სიახლეების პლატფორმის Bloomberg შექმნა, რომლის წლიური შემოსავალი 9,6 მილიარდ დოლარს შეადგენს.
მაიკლ ბლუმბერგი ბოსტონში 1942 წელს ხელმოკლე ოჯახში დაიბადა. იმისთვის, რომ სწავლის საფასური გადაეხადა, ავტოგასამართ სადგურზე უწევდა მუშაობა.
მას შემდეგ, რაც ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი დაამთავრა და ელექტროინჟინერიის დარგში ბაკალავრის წოდება მიიღო, ბლუმბერგი ჰარვარდის კურსდამთავრებულიც გახდა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის წოდება მიიღო.
ბლუმბერგმა საკუთარი კარიერა ფინანსურ კომპანიაში Salomon Brothers მუშაობით დაიწყო, სადაც სულ მალე კომპანიის აქციები მიიღო და სრულუფლებიანი პარტნიორი გახდა. თუმცა, მოგვიანებით, Salomon Brothers-ისა და კომპანია Phibro-ს შერწყმა მოხდა, რის შედეგადაც ბლუმბერგს კომპანიის დატოვება მოუწია. მან აქციების საკუთარი წილი რამდენიმე მილიონ დოლარად გაყიდა და ახალი იდეის განსახორციელებლად საწყისი კაპიტალიც გაუჩნდა.
ბლუმბერგის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ სხვადასხვა კომპანიებისთვის ფინანსებთან დაკავშირებული საინფორმაციო მომსახურება გაეწია. 1981 წელს მან კომპანია Innovative Market Systems დაარსა, სადაც Salomon Brothers-იდან დათხოვნილი თანამშრომლები მიიწვია. მოგვიანებით კომპანიამ სახელი შეიცვალა და Bloomberg LP ეწოდა.
მაიკლ ბლუმბერგის კომპანიის პირველი კლიენტი ცნობილი საინვესტიციო ბანკი Merrill Lynch გახდა. როგორც ცნობილია, ბლუმბერგი თავად ეწვია ბანკის ოფისს და წარუდგინა კომპანიის დეტალურად გაწერილი ბიზნეს-გეგმა, რის შემდეგაც შესთავაზა საცდელი ვერსიის გამოყენება, რათა Merrill Lynch-ში სათანადოდ შეეფასებინათ კომპანიის პოტენციალი. სწორედ ასე გაჩნდა ბლუმბერგის პირველი საინფორმაციო ტერმინალი ბანკში.
იქიდან გამომდინარე, რომ ბიზნეს ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტების გარეშე შეუძლებელია, ბლუმბერგმა Dow Jones-თან გააფორმა ხელშეკრულება, რისი მიხედვითაც მის კომპანიას შეეძლო ქსელში The Wall Street Journal-ის მასალების გამოყენება. თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად Dow Jones-მა 1990 წელს კონტრაქტი გაწყვიტა, რის შემდეგაც ბლუმბერგმა საკუთარი სარედაქციო კოლეგია შექმნა.
ბლუმბერგმა აქცენტები ახალგაზრდობაზე გააკეთა. მან ძვირადღირებული და გამოცდილი სპეციალისტების ნაცვლად კადრების მოძიება ნიჭიერ კურსდამთავრებულთა შორის დაიწყო. მალევე Bloomberg LP-ში თანამშრომელთა უზარმაზარი შტატი შეიქმნა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით მუშაობენ.
მსგავსი შტატის შექმნამ ახალი სერვისების დანერგვა მოითხოვა. ამიტომ, ბლუმბერგმა რადიოსადგური შეიძინა, გახსნა სატელევიზიო არხი და საფინანსო ვებ-საიტი, რომელიც დღესდღეობით საფინანსო ანალიტიკის მსოფლიო ცენტრია.
„თუ თქვენ გინდათ გახდეთ სახელმწიფო მოხელე, მე გირჩევთ ჯერ მილიარდელი გახდეთ“,- ამბობდა ბლუმბერგი, რომელმაც საკუთარი ძალები პოლიტიკაშიც მოსინჯა. 2001 წელს მან ქალაქ ნიუ-იორკის მერის არჩევნებში რესპუბლიკელების მანდატით იყარა კენჭი და გაიმარჯვა. 2005 წელს კი იგი მეორე ვადით აირჩიეს.
ამის შემდეგ მან საკუთარი კანდიდატურის დაყენება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გადაწყვიტა. თუმცა, შემდეგ გადაიფიქრა. სულ ახლახანს კი ცნობილი გახდა, რომ მაიკლ ბლუმბერგი 2020 წლის არჩევნებზე რეპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატობას აპირებს. რაც შეეხება Bloomberg-ს, როგორც მან რადიო lowa- სთან ინტერვიუში განცხადა, პრეზიდენტობის შემთხვევაში, გაყიდის ან ნდობის ფონდს გადასცემს.
ამჟამად, მაიკლ ბლუმბერგი „ფორბსის“ მილიარდელთა სიაში, 59,3 მლრდ დოლარით, მეცხრე ადგილს იკავებს.