ქვეყნები, სადაც ყველაზე მეტი ქართველი  არ შეუშვეს - თებერვლის სტატისტიკა

თებერვალში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის თებერვლის სტატისტიკაშია ასახული.

კერძოდ, მიმდინარე წლის თებერვალში გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 5 112 იყო. მას მოსდევს პოლონეთი, სადაც - 3 198 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 2 994 გასვლით საბერძნეთია.

რაც შეეხება ქვეყნების ტოპ-სამეულს, სადაც თებერვალში საქართველოდან ყველაზე იშვიათად მიემგზავრებოდნენ, ასე გამოიყურება: შვეიცარია - 3 გამგზავრება; სლოვენია - 7 და ბულგარეთი - 89 გამგზავრება.

სტატისტიკა 18 ქვეყანას მოიცავს და აღსანიშნავია, რომ აქედან მხოლოდ ოთხ ქვეყანაში არ ფიქსირდება უარი საზღვრის კვეთაზე. ეს ქვეყნებია: ბელგია (გაემგზავრა - 218); რუმინეთი (გაემგზავრა - 119); შვეიცარია - (გაემგზავრა - 3) და სლოვენია (გაემგზავრა - 7).

შესაბამისად, 14-ია იმ ქვეყნების რიცხვი, სადაც საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის კვეთაზე უარი ეთქვათ. მათ შორის საფრანგეთი ლიდერობს, სადაც საქართველოს მოქალაქეთა შესვლაზე 37 უარი დაფიქსირდა 2019 წლის თებერვალში; მას მოსდევს იტალია - 34 უარით, მე-3 ადგილზე კი კვიპროსია, სადაც თებერვალში 33 უარი დაფიქსირდა. ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ამ ჩამონათვალში პოლონეთი და ესპანეთი ინაწილებენ, შესაბამისად, 30 და 25 უარით. ესპანეთს მცირედით ჩამორჩება გერმანია და ავსტრია, სადაც 20-20 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა შესვლაზე უარი.

რაც შეეხება გასული წლის სტატისტიკას, 2018 წლის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს ჯამში, 29-დან 27 ქვეყანაში უთხრეს საზღვრის კვეთაზე უარი. მათ შორის იტალია ლიდერობდა, სადაც საქართველოს მოქალაქეთა შესვლაზე 341 უარი დაფიქსირდა 2018 წელს; მას მოსდევს კვიპროსი - 316 უარით; მე-3 ადგილზე კი გერმანიაა, სადაც უარი 271 პირს ეთქვა შესვლაზე; ხოლო მე-4 და მე-5 პოზიციებს ამ ჩამონათვალში პოლონეთი და საფრანგეთი ინაწილებდნენ, შესაბამისად, 186 და 150 უარით.

საფრანგეთს მცირედით ჩამორჩებოდა საბერძნეთი და უნგრეთი, სადაც შესაბამისად, 147 და 136 საქართველოს მოქალაქეს ეთქვა შესვლაზე უარი, ესპანეთში კი 2018 წლის განმავლობაში - 111 უარი დაფიქსირდა.

თაია არდოტელი