მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4.6%-მდე შეამცირა. ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.
„პროგნოზის მიხედვით, რეალური მშპ-ს ზრდა 4.6%-მდე შემცირდება 2019 წელს, ვინაიდან საგარეო მოთხოვნა სუსტდება და საქართველოს ეროვნული ბანკი ამკაცრებს ზომებს, რომელიც მიმართულია პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წახალისებაზე“, - ნათქვამია ანგარიშში.
მსოფლიო ბანკში აღნიშნავენ, რომ პროგნოზით, ზრდა 5%-ს 2021 წლისთვის მიაღწევს.
„საბანკო სექტორში დაწესებული ახალი რეგულაციები შეანელებს დაკრედიტებას და კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნას, თუმცა გააძლიერებს საფინანსო სექტორს და მის შესაძლებლობას მდგრადად დაუჭიროს მხარი ეკონომიკას“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის ავტორების მიხედვით, ინფლაცია დაბალი დარჩება, რაც განპირობებულია სანდო მონეტარული პოლიტიკით.