„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვემო-ქართლის რეგიონში მესაქონლეობის ფერმა ამოქმედდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეცხოველეობის ფერმა „ნიბა 2008“ სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში აშენდა. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.

მათივე ცნობით, ფერმის ასაშენებლად ჯამურად 1,054,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან 854,000 ლარი ბენეფიციარმა შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო დარჩენილი თანხა საკუთარი დანაზოგია.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა პაატა შეყელაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულა ფერმა და საწარმოო პროცესს გაეცნო.

ფერმა დღეში 3 ტონა რძეს აწარმოებს, პროდუქციის რეალიზაცია გათვლილია ადგილობრივ ბაზარზე. „ნიბა 2008“-ში მუდმივად 5 ადგილობრივი მაცხოვრებელია დასაქმებული, ხოლო სეზონურად ემატება 10 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს HACCP-ის გადამამუშავებელი წარმოების საერთაშორისო სერტიფიკატი აიღოს.

სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 190 ახალი საწარმო დაფინანსდა, საიდანაც, სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.