"ადრე 30-წლიანი შუალედები იყო მდინარე ვერეს ადიდებებს შორის, ახლა 10-15 წლამდეა შემცირებული"
როგორია თბილისის სეისმური სურათი, რა საფრთხე არსებობს და ითვალისწინებენ თუ არა ამას დღეს გახშირებული მშენებლობებისას? ამ საკითხებზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა სუხიშვილს ვესაუბრეთ.
- დღეს მოქმედი სეისმური რუკა და ნორმები მოძველებულია. მეტიც, როცა ეს მონაცემები კანონმდებლობაში აისახა (2000-იან წლებში), მაშინაც მოძველებული იყო.
- რა საფრთხე არსებობს დედაქალაქში?
- თბილისი რთული რელიეფის ქალაქია, არა მხოლოდ სეისმურად, ტექტონიკურად, გეოლოგიურად, გეომორფოლოგიურად, ჰიდროლოგიურად და ბოლო პერიოდში იკვეთება, რომ მეტეოროლოგიურადაც. შემოდის რამდენიმე დროებითი ხევი, მდინარე, მთის მდინარეები, რომელთაც ახასიათებს წყალმოვარდნები, წყალდიდობები. ერთი ასეთი ფაქტი 2015 წელს ვერეს ხეობაში ვნახეთ. ადრე 30-წლიანი შუალედები იყო მდინარე ვერეს ადიდებებს შორის, ახლა 10-15 წლამდეა შემცირებული. გვაქვს მდინარეები, რომლებზეც ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტი არ მომხდარა, თუმცა კვლევები გვაჩვენებს, რომ ეს მოსალოდნელია. მაგალითად, ლეღვთახევი, სადაც გერმანელების ხელმძღვანელობით მოდელირებები ჩატარდა, ასევე ვარაზისხევი, რომელიც, რაც ჩვენ ვიცით, არასდროს ადიდებულა, თუმცა დღეს მისი ზედა წელი უკვე ინტენსიურად არის განაშენიანებული, ამიტომ არ არის გამორიცხული, ახლა ვიგრძნოთ, რას ნიშნავს ვარაზისხევის ადიდება. არის მდინარეები - დიღმულა, გლდანულა, რომლებიც თავისი ხეობით ჰგავს ვერეს და აქაც შეიძლება ჩამოწვეს მეწყერი, ასევე მოსალოდნელია ღვარცოფი, წყალმოვარდნა, შეიძლება დაზარალდნენ ადამიანები, რომლებიც დღეს ცხოვრობენ კალაპოტთან ახლოს, ზოგი კი - კალაპოტშიც.
- იქნებ ყველაფერი იმის ბრალია, რომ თუნდაც მის კალაპოტში ხელოვნურად ერევიან?
- ხელოვნური ჩარევები იწვევს მსხვერპლს, კატასტროფას და ზრდის რისკს, თუმცა მდინარის ადიდება ბუნებრივი მოვლენაა. მსოფლიო მიხვდა, რომ მდინარის მართვაში ფულის ხარჯვა მცდარი პრაქტიკაა, ამიტომ მდინარეებს კვლავ ბუნებრივ კალაპოტებში აბრუნებენ. საქართველოში კი ფულს ვხარჯავთ, რომ მდინარეები ვმართოთ, ჯებირები ავუშენოთ, საბოლოოდ მაინც მოგვიწევს, მდინარეები ბუნებრივ კალაპოტში დავაბრუნოთ.
2015 წლის წყალდიდობის შემდეგ მდინარე ვერეზე არაერთი კვლევა ჩატარდა. ყველა ამბობს, რომ იქ ნაგებობები არ უნდა ჩაიდგას და მდინარე მაქსიმალურად უნდა დაუბრუნდეს ბუნებრივ კალაპოტს. თუ ხეობაში მაინცდამაინც გზის გავლაა საჭირო, ეს უნდა მოხდეს ხიდების და არა გვირაბების საშუალებით. გვირჩევენ, რომ გმირთა მოედნიდან ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიები გაიხსნას და მდინარე ვერე მტკვარს ბუნებრივ კალაპოტთან მიახლოებული გზით დაუკავშირდეს. მსოფლიო ბანკის კვლევა იმასაც ამბობს, რომ მდინარე ვერეს კალაპოტში მანქანების პარკირებაც კი უნდა შეიზღუდოს, რადგან ესეც სარისკოა, არათუ ახალი მშენებლობები.
- თუ ამ რეკომენდაციებით ინტერესდებიან, საპირისპიროდ რაღატომ იქცევიან?
- ვერეს წყალდიდობის შემდეგ მთავრობამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ვერეს დატბორვის არეალში მშენებლობები აიკრძალა, თუმცა, ყველა კვლევა მიანიშნებს, რომ მონაცემები, რომელთა საფუძველზეც დატბორვის არეალები განისაზღვრება, არ არის სრული და სანდო. შედეგად ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, გარკვეულ ზონაში მშენებლობა აეკრძალა. ამის მიუხედავად, კანონსა და დადგენილებებში ეძებენ ისეთ გასაძრომს, რომლიც იძლევა საშუალებას, შემოუარო და კანონის დაცვით ააშენო ნაგებობა. მაგალითად, ვერეს ხეობაზე, სადაც მშენებლობა უნდა დაწყებულიყო, არსებობდა დასკვნა, რომ ეს იყო დატბორვის არეალი, თუმცა მერე სამშენებლოდ განზრახული ადგილი შემაღლდა, რასაც მოჰყვა დასკვნა: "რადგან ადგილი შემაღლებულია, ეს ტერიტორია აღარ დაიტბორება", დასკვნას კი - მშენებლობის ნებართვა.
წაიკითხე გაზეთ „კვირის პალიტრის" 8 აპრილის ნომერში ან