რა ხარვეზები დააფიქსირა შრომის ინსპექციამ ჭავჭავაძის #5-ში
ჭავჭავაძის #5-ში 31 მარტს დატრიალებული ტრაგედიის მიზეზებს რამდენიმე უწყება სწავლობს... შეგახსენებთ, რომ ე.წ. ლეჩკომბინატის ძველი შენობის საძირკვლის გამაგრებითი სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და ორი მუშა მოიყოლა. მაშველებმა პირველად 26 წლის ჭიათურელი დავით აბესაძე იპოვეს, თითქმის 8-საათიანი ძებნის შემდგომ კი 44 წლის ედუარდ ვარიშოვი. ტრაგედიის შემდეგ გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა შრომის უსაფრთხოების დაცვა მოითხოვეს. მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსში ცვლილებები შევიდა და ზოგიერთი მუხლი დასაქმებულის სასარგებლოდ შეიცვალა, შრომის უსაფრთხოება კვლავ ირღვევა.
ბექა ფერაძე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი:
- ხარვეზები თავიდანვე დაფიქსირდა: არასწორად იყო დაგეგმარებული და შესრულებული საძირკვლის სამუშაოები, რამაც მიწის ფენების ჩამოშლა განაპირობა... კომპანიამ დოკუმენტურად უნდა წარმოადგინოს საპირწონე მტკიცებულებები და ამის მერე წარმოვადგენთ საბოლოო დასკვნას.
- დაჯარიმდნენ ის კომპანიები, რომლებიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდნენ: "ტრანსმშენი" - 7.000 ლარით, "ხიმიჯ სერვისი" კი 1.000 ლარით. კიდევ რა სანქცია გაიცა?
- მერიამ შპს "ლეჩკომბინატი" 30.000 ლარით, ერთ-ერთი კომპანია კი 7.000 ლარით დააჯარიმა, რადგან ინსპექტორებს ხელი შეეშალათ ობიექტზე შესვლაში. "ლეჩკომბინატს" მუშაობის უფლება შევუჩერეთ მანამ, სანამ არ აღმოიფხვრება ის დარღვევები, რომელთაც დასკვნაში მივუთითებთ. შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი შეამოწმებს, რა გაკეთდა და დადებითი შეფასების შემთხვევაში მშენებლობა განახლდება. თუ არადა, ძალაში დავტოვებთ მშენებლობის შეჩერების გადაწყვეტილებას.
- შრომის ინსპექცია რა პერიოდულობით ამოწმებს ობიექტებს?
- კომპანიებს წელიწადში ერთხელ ვამოწმებთ. თუ რამე მოხდება, მაშინ გვეძლევა დამატებითი შემოწმების საშუალება. სხვა შემთხვევაში ობიექტზე შესასვლელად სასამართლოს ნებართვა გვჭირდება. კარგია, რომ 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან შეზღუდვები მოგვეხსნება და შრომის ინსპექციას შეეძლება დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში შეამოწმოს ნებისმიერი კომპანია.
- რამდენი თანამშრომელი გყავთ? ეს რესურსი საკმარისია?
- ამჟამად საქართველოს მასშტაბით 40 თანამშრომელი გვყავს და ვაპირებთ მინიმუმ ამდენითვე გავზარდოთ.
- რა ხარვეზებია სამშენებლო ბიზნესში?
- ძირითადად, სიმაღლეზე მუშაობა. არ ჰყავთ შრომის უსაფრთხოების კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც ობიექტს შეაფასებს და გადაწყვეტს, რა და როგორ გაკეთდეს. კომპანიების გარდა, დასაქმებულებიც უნდა იყვნენ დაინტერესებული შრომის უსაფრთხოების მოგვარებით.
წაიკითხე გაზეთ „კვირის პალიტრის" 8 აპრილის ნომერში