წელს 600-ზე მეტი თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებენ

წელს 600-ზე მეტი თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებენ.

ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს 2018 წლის ანგარიშზე პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნაშია აღნიშნული.

კერძოდ, 297 დეკლარანტი კომისიის მიერ არის შერჩეული, ხოლო 310 - სისტემის მიერ შემთხვევითი შერჩევის გზით შეირჩა. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ რაოდენობას სავარაუდოდ, წლის მანძილზე განცხადებების საფუძველზე შერჩეული დეკლარანტების ოდენობა დაემატება.

აღსანიშნავია, რომ იმ პირთა შორის, რომელთა ქონებრივ დეკლარაციებსაც 2019 წელს შეამოწმებენ, მინისტრები და პარლამენტის წევრები ნაკლებად არიან. ბიურო წელს დეპუტატებიდან მხოლოდ გია ვოლსკის დეკლარაციას შეამოწმებს.

ცნობისთვის, ანგარიშის მიხედვით 2018 წლის განმავლობაში შემოწმდა სულ 448 დეკლარაცია, საიდანაც ელექტრონული სისტემის მიერ შეირჩა 320 დეკლარაცია, დასაბუთებული განცხადების საფუძველზე 2018 წლის განმავლობაში მონიტორინგი დაიწყო 73 დეკლარაციაზე, გარდა აღნიშნულისა, მონიტორინგი გაგრძელდა, ასევე 2017 წლის განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი განცხადებების საფუძველზე დაწყებულ 55 დეკლარაციის მონიტორინგზე. აღნიშნული წარმოდგენილი იქნა 2017 წლის ბოლოს და ფიზიკურად მათი შემოწმება წლის ბოლომდე ვერ მოესწრო.

„2018 წელს შემოწმებული დეკლარაციებიდან უარყოფითად შეფასდა 379 დეკლარაცია, მათ შორის, არაარსებითი დარღვევა გამოვლინდა 31 დეკლარაციაში და დეკლარანტს მიეცა გაფრთხილება, ხოლო ერთი დეკლარაცია შემდგომი რეაგირებისათვის გადაიგზავნა სამართალდამცავ ორგანოებში. დადებითად შეფასდა 59 დეკლარაცია, 10 დეკლარაციაზე შეწყდა წარმოება. აღნიშნული შედეგებიდან ბიუროს უფროსის გადაწყვეტილება გაასაჩივრა ცამეტმა დეკლარანტმა და ამ დრომდე მიმდინარეობს სასამართლო დავა,“-აღნიშნულია დოკუმენტში.

თაია არდოტელი