„ოცნების“ ხელისუფლებამ ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა“ - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ღია წერილშია აღნიშნული.
„როგორც წესი, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ეკონომიკურ განვითარებას თან სდევს დემოკრატიის პროგრესი და ადამიანის უფლებების სტანდარტის ზრდა. ჩვენს ქვეყანაში, იმის გამო, რომ პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ უზრუნველყო დემოკრატიის მაღალი სტანდარტი და პოლიტიკური უფლებების სფეროში თამასა ევროპულ სიმაღლემდე ასწია, ჩვენი ეკონომიკური მოცემულობა ობიექტურად ჩამორჩა ამ სტანდარტს. სწორედ ამას იყენებენ ქაოსის მსურველი ძალები, სარგებლობენ რა ჩვენს მიერ დამკვიდრებული დემოკრატიული ინსტრუმენტებით და ეკონომიკურ პრობლემებზე სპეკულირებით კვლავ ფიქრობენ რევანშზე, ცდილობენ დაგვაბრუნონ 90-იანი წლების სიბნელეში და დღესაც, მათი მთავარი დასაყრდენი კვლავ რაციონალიზმზე გამარჯვებული ემოციებია.
მიუხედავად იმისა, რომ „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ ექვსი წლის მანძილზე რეგიონალური თუ გლობალური პოლიტიკურ-ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რეალური შესაძლებლობის თითქმის მაქსიმუმი გააკეთა და ეროვნული ეკონომიკის უკლებლივ ყველა სფეროში თვალსაჩინო პროგრესი აჩვენა, სწორედ „ოცნების“ ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიას იმ სოციალურ-ეკონომიკური კოლაფსისთვის, რომელშიც ქვეყანა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აღმოჩნდა. ნიშანდობლივია, რომ ყველაზე ხმამაღლა იმ ხალხის პრეტენზია ისმის, ვინც იმ წლების განმავლობაში ყველაფერი გააკეთა, რომ ეს კოლაფსი დამდგარიყო,“-ნათქვამია ივანიშვილის წერილში.