„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 87%-ს სმენია საპენსიო რეფორმის შესახებ, თუმცა ამ ადამიანთა უმრავლესობა (53%) აღნიშნულ პროგრამას უარყოფითად აფასებს.
გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (49%) ამბობს, რომ ჩაერთო ახალ საპენსიო სქემაში. იმ პირთა უმრავლესობამ, რომლებმაც გამოკითხვაში აღნიშნეს, რომ დასაქმებულია და ჩართულია ახალ საპენსიო სქემაში, განაცხადა, რომ ხელზე ასაღები ხელფასი შეუმცირდა.
რაც შეეხება საბანკო რეგულაციებს, აღნიშნული ცვლილებების ამოქმედების შემდეგ გამოკითხულთა 14%-მა სცადა ახალი კრედიტის აღება, რომელთაგან 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა.
კვლევა 2019 წლის 20 თებერვლიდან - 5 მარტის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში სულ გამოიკითხა 2087 ადამიანი. ცდომილების ზღვარი 2.3%-ია.