პრეზიდენტის პრესსპიკერის, ხატია მოისწრაფიშვილის ინფორმაციით, პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების საფუძველზე პრეზიდენტის ყოფილი სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.
“საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობასა და პარლამენტს შორის შეთანხმების მიხედვით, აბდუშელიშვილის ქუჩაზე მდებარე პრეზიდენტის სასახლისათვის ახალი ფუნქცია განისაზღვრა - ეს არის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე. შესაბამის განკარგულებას მთავრობა გამოსცემს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ ხატია მოისწრაფიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ დღეს, 17:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გაიმართება. პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრელებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ მიღება აბდუშელიშვილის ქუჩა 1-ში მდებარე „სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში“ გაიმართება. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მისამართზე პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაა განთავსებული.