დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტის მშენებლობა შესაძლოა, დასაშვები გახდეს

პარლამენტი ხვალ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს, რომლის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები.

ამას „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც მთავრობამ პარლამენტს ჯერ კიდევ დეკემბერში წარუდგინა, თუმცა პროექტის საკომიტეტო განხილვა რამდენჯერმე გადაიდო. ხვალ ამ ინიციატივაზე პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში იმსჯელებენ.

ამავე პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი დაცული ტერიტორიების - არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.

საკანონმდებლო პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა. პროექტის ინიციატორია მთავრობა.