თუ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონში ცვლილებები შევიდა ძალაში, დაცული ლანდშაფტი აღარ იქნება, - ამის შესახებ „მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრების“ ხელმძღვანელმა ნინო ჩხობაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ამით ჩხობაძე გამოეხმაურა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მიხედვით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხდება დასაშვები.
გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტის განცხადებით, დაცულ ლანდშაფტში არანაირი ენერგეტიკული ნაგებობის არსებობა არ შეიძლება.
„დაცულ ლანდშაფტში არანაირი ენერგეტიკული ნაგებობის, მათ შორის გადამცემი ხაზის არსებობა არ შეიძლება იმიტომ, რომ არ შეიძლება ლანდშაფტში რაიმე შეიცვალოს. იმის გამო, რომ დაცულ ტერიტორიაზე ენერგეტიკული ობიექტის მშენებლობა დაუშვებელია, დაიწყეს დაცული ტერიტორიიდან ზოგი ადგილის ამორიცხვა, რაც აგრეთვე მიუღებელია. თუ ეს ცვლილებები შევიდა ძალაში, ლანდშაფტი აღარ იქნება. ლანდშაფტი ნიშნავს გარემოს, რომელშიც არაფერი არ უნდა იყოს. ერთადერთი, რაც შეიძლება იქ იყოს, არის კულტურული მემკვიდრეობა, მაგალითად კოშკი და ა.შ. საქართველოში ტურიზმის განვითარების ერთ-ერთი მთავარი წყარო ზუსტად დაცული ტერიტორიები და ლანდშაფტებია. სხვა რამემ ვერ მოიზიდა ტურისტი ვერანაირად, ისე როგორც დაცულმა ლანდშაფტმა,“ - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტი ხვალიდან მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომლის მიხედვით, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დასაშვები ხდება.