მომდევნო 3-4 წელიწადში ელექტროენერგიის დეფიციტი შესაძლოა, 30%-მდე გაიზარდოს.
ტენდენცია გრძელდება და იმპორტზე დამოკიდებულება მუდმივად მატულობს. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მცირე თუ საშუალო სიმძლავრის რამდენიმე ახალი ჰესი აშენდა, საქართველოში ენერგოდეფიციტის პრობლემა ვერ გვარდება.
საქართველოს 2018 წლის ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, ენერგეტიკაში 13%-იანი დეფიციტია. დაახლოებით ასეთი ვითარება იყო 2017 წელსაც. იმპორტი იმდენად სწრაფი ტემპით მატულობს, რომ შესაძლოა, ეს მაჩვენებელი მომდევნო რამდენიმე წელიწადში 20-25%-თაც გაიზარდოს. ენერგეტიკოსები დენის ფასის ზრდასაც პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ ენერგოსექტორი შეიძლება, სამომავლოდ უფრო დიდ გასაჭირშიც აღმოჩნდეს.
ცხადია, რომ ახალი ჰესების მშენებლობის გარეშე ამ პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია. როგორც არაერთხელ ითქვა, იმპორტზე დამოკიდებულების ზრდა ელექტროენერგიის მოხმარების ზრდით არის გამოწვეული. ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს იმპორტმა 1508,8 მლნ კვტ/სთ შეადგინა, ხოლო გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობა 12148,6 მლნ კვტ/სთ იყო.
როგორც ენერგეტიკოსები ამბობენ, პრობლემაა არა მხოლოდ დეფიციტის ზრდა, არამედ, - ელექტროენერგიის ფასიც, რომელიც არ არის სტაბილური და შეიძლება, ნებისმიერ მომენტში გაგვიძვირდეს.
ენერგეტიკოს რევაზ არველაძის თქმით, ახალი თბოელექტროსადგურების მშენებლობის გარეშე დეფიციტი კიდევ უფრო გაიზრდება.
„არ მაქვს ოპტიმისტური განწყობა, რომ ენერგეტიკული დარგი განვითარდება და წინ წავა საქმე. ელექტროსადგურების მშენებლობის ტემპი მოხმარებას საგრძნობლად ჩამორჩება. არ იხატება ისეთი პერსპექტივა, რომ ვითარება შეიცვალოს. დღეს ჰესების მშენებლობის პროცესი თითქმის არ მიმდინარეობს, რასაც მოსახლეობის პროტესტს ვაბრალებთ.
სანამ დროა, 1-2 თბოელექტროსადგური მაინც უნდა ავაშენოთ, მაგალითად, ქსანსა და ზესტაფონში, მაგრამ ესეც ვერ ხერხდება. ელექტროენერგიის დეფიციტი ზოგიერთი ქვეყნისათვის შეიძლება, 80% იყოს, მაგრამ საგანგაშო ვითარებად არ ჩაითვალოს. ჩვენ სხვა რეალობაში ვართ. დენს, ძირითადად, აზერბაიჯანიდან ვიღებთ, მცირე მოცულობით – რუსეთიდანაც. საკუთარი ენერგეტიკულ რესურსზე დამყარებული ბაზა უნდა გაგვაჩნდეს, რომ ენერგეტიკული უსაფრთხოება მაღალ დონეზე გვქონდეს. შეიძლება, დეფიციტი კიდევ გაიზარდოს, ამ დროს ჩვენ გვაქვს რესურსი, ჰიდროპოტენციალი, რომ მთლიანად საქართველოს მოთხოვნა დავაბალანსოთ", - ამბობს არველაძე და დასძენს, რომ დეფიციტის შესამცირებლად ქარის ენერგიაც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, ნაწილობრივ – მზის ენერგიაც, რაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.
„უკვე ლაპარაკიც არ არის, რომ მსხვილ ჰესებს ვერ ავაშენებთ და აღარც პერსპექტივაა, მაგრამ, რატომღაც, მცირე ჰესების მშენებლობის პროცესსაც უპირისპირდებიან. ჯერჯერობით შესასყიდი ელექტროენერგიის ღირებულება კატასტროფული არ არის, მაგრამ სტაბილურობის განცდა ნაკლებია. ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისათვის, რომ სიტუაცია დაბალანსდეს. ამისთვის ქარის ენერგიაც მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, ნაწილობრივ – მზის ენერგიაც, მაგრამ ამ მიმართულებითაც პროგრესი არ გვაქვს.
პერსპექტივაში ელექტროენერგიის იმპორტიც სტაბილური არ არის. ცხადია, ნორვეგია დენით ვერ მოგვამარაგებს, ამიტომ უნდა ვიყიდოთ აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან ან თურქეთიდან. თუმცა ყველაზე ოპტიმალური გამოსავლია, რომ ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაზე დავიწყოთ ფიქრი და ეს საკითხი როგორმე უნდა დაიძრას", - განუცხადა „რეზონანსს" არველაძემ.
ენერგეტიკოსების ნაწილი ვარაუდობს, რომ უახლოეს 3-4 წელიწადში ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-მდე გაიზრდება. ენერგეტიკოს მირონ ფირცხელანის შეფასებით, პრობლემა იმდენად მწვავეა, რომ სიტუაციას ახლა მცირე ჰესების მშენებლობაც ვერ ცვლის.
„ენერგეტიკის დარგს დღესდღეობით მომავალი არ აქვს. ეს ხდება იმ არასწორი ენერგეტიკული პოლიტიკის გამო, რომელსაც ბოლო 30 წლის განმავლობაში სხვადასხვა მთავრობა ახორციელებს. დეფიციტი თანდათან იზრდება. და ამ პროცესს ვერაფერს ვუპირისპირებთ. ახალი სიმძლავრეების ათვისება საზოგადოებასთან დაპირისპირების გამო ვერ ხერხდება, რაც არასწორი პროექტირების შედეგია.
ენერგეტიკა სტრატეგიული დარგია და მას სახელმწიფო უნდა აფინანსებდეს, კაპიტალს თვითონ დებდეს და ახალ სიმძლავრეებს ითვისებდეს, რაც დღეს კერძო ინვესტორებზეა გადაბარებული, ხოლო ისინი საკუთარ მოგებაზე არიან ორიენტირებული. ამას ემატება აფხაზეთის ფაქტორი, რის გამოც ენგურის გამომუშავებას ქვეყანა რეალურად ვერ იყენებს.
აქა-იქ მცირე ჰესების უმნიშვნელო სიმძლავრეები ამუშავდა, მაგრამ უმეტესწილად ისინი სეზონურია და ამინდს ვერ ქმნის. აქედან გამომდინარე, მომდევნო რამდენიმე წელიწადში დეფიციტმა შესაძლოა, 30%-საც მიაღწიოს. ელექტროენერგიის მოხმარება მუდმივად იზრდება, ხოლო გამომუშავება პარალელურ რეჟიმში ვერ მატულობს.
ნორმალური ქვეყნების სტანდარტით, ენერგეტიკის განვითარება ინდუსტრიის განვითარებას 5 წლით უნდა უსწრებდეს, რაც არ ხდება. წინ მეტი პრობლემა გველოდება – არა მარტო დეფიციტი, მოსალოდნელია, რომ ტარიფები გაიზარდოს. ასეთი ენერგოპოლიტიკის პირობებში პრობლემა ყოველთვის მოსალოდნელია", - განუცხადა „რეზონანსს" ფირცხელანმა.
მარი ჩიტაია
გაზეთი „რეზონანსი"