საქართველო ევროსაბჭოს ბიუჯეტში საწევრო თანხის ერთჯერადად შეტანას გეგმავს. ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.
„საქართველო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებას აპირებს, რომელიც თანხობრივ შენატანს ეხება, ვინაიდან ევროსაბჭოს ბიუჯეტში სერიოზული გამოწვევები აქვს საწევროს გადახდასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა.
ჩუგოშვილმა პრემიერ-მინისტრის სტრასბურგში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძირითადი აქცენტები იმ მიღწევებზე გაკეთდება, რასაც ქვეყანამ 20 წლის განმავლობაში მიაღწია.
„აქცენტები იქნება ძირითადად იმ მიღწევებზე, რომელიც საქართველოს ჰქონდა ამ 20 წლის განმავლობაში. ვინაიდან, მისი (პრემიერის) ვიზიტის მიზანი სწორედ ამ 20 წლიანი თარიღის აღნიშვნაა. ასევე იქნება გამოწვევებზე საუბარი, რომელიც პირველ რიგში არის ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობა”, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს, 10 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, პრემიერი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ლილიენ მორი პასკიესა და ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ტორბიორნ იაგლანდს შეხვდება, რის შემდეგაც მედიისთვის განცხადებები გაკეთდება.