ამერიკულმა ავიამშენებელმა კომპანიამ Boeing-მა პირველად ბოლო შვიდი წლის განმავლობაში 737-ის ხაზის სამგზავრო ავიალაინერზე არცერთი შეკვეთა არ მიიღო. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, მარტში კომპანიამ დამკვეთებს მხოლოდ 11 თვთმფრინავი 737 MAX მიაწოდა, რაც ორჯერ ნაკლებია წინა თვეებისგან განსხვავებით. თებერვალში კომპანიამ 27, ხოლო იანვარში - 24 მსგავსი მოდელი გაყიდა. მარტში კი კომპანიამ მხოლოდ სამი შეკვეთა მიიღო 737-ის ბიზნეს-ჯეტზე და არცერთი კომერციული დანიშნულების სამგზავრო თვითმფრინავზე.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ კომპანიას 4 625 შეუსრულებელი შეკვეთა აქვს 737 MAX-ზე და 78 ძველ მოდიფიკაციის მოდელებზე, რაც მას საშუალებას მისცემს, შეინარჩუნოს მოგების დონე მომდევნო წლების განმავლობაში.
შეგახსენებთ, კომპანიის პრობლემები აღნიშნულ მოდელთან დაკავშირებით 10 მარტს მომხდარ ავიაკატასტროფას მოჰყვა. სამგზავრო თვითმფრინავი ადის-აბება – ნაირობის რეისს ახორციელებდა და ეთიოპიის დედაქალაქის დატოვებიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ბორტზე 149 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფას ყველა მათგანი ემსხვერპლა. ამავე ტიპის თვითმფრინავმა კატასტროფა ექვსი თვის წინაც განიცადა. შედეგად კი საერთაშორისო მასშტაბით რიგმა ქვეყნებმა აღნიშნული ბოინგისთვის საჰაერო სივრცე დროებით დახურეს. ავიაკომპანიების ნაწილმა კი მისი მოხმარება შეაჩერა.