SES: საქართველოში სატელიტური მაუწყებლობით მოსახლეობის 38% სარგებლობს

SES-ის 2018 წლის ბოლოსთვის ჩატარებული სატელიტური ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამგზავრი ქართულ სატელევიზიო ბაზარზე ლიდერობს და მას პირდაპირი წვდომა გააჩნია ოჯახების 38%-ზე. ეს შეადგენს პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობის (DTH) მქონე 410 000 ოჯახზე მეტს. შედარებისთვის, სიგნალის მიღების სხვა საშუალებები შეადგენს: მიწისზედა ტელევიზია - 11%, საკაბელო ტელევიზია - 14% და IPTV ტელევიზია - 37%.

კომპანია SES -ის ბიზნეს ანალიტიკოსის თქმით, იმ ქვეყნებში, სადაც ორგანიზაცია ოპერირებს, სატელიტური სატელევიზიო მომსახურებით მოსარგებლე ოჯახების რაოდენობა 4 მილიონით გაიზარდა და 2018 წელს 355 მილიონს მიაღწია, საქართველოში კი სულ 700 000 მაყურებელია, რაც ბაზრის 2/3 -ს შეადგენს.

„კვლევებს უკვე 25 წელია ვატარებთ სხვადასხვა ქვეყნებში, საქართველოში კი 4 წლის წინ დავიწყეთ ასეთი კვლევების ჩატარება. უკვე მეოთხედ ვიმყოფები საქართველოში და აქ მზარდი საინტერესო და დინამიური ბაზარია. ოჯახებს ურჩევნიათ მაუწყებლობა მიიღონ სატელიტური მომსახურებით, თუმცა IPTV –ც საკმაოდ სწრაფად ფართოვდება“, - აცხადებს SES -ის ბიზნეს ანალიტიკოსი რიკარდო ტოპჰემი.

შეგახსენებთ, რომ SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია, რომელსაც 70-ზე მეტი სატელიტი აქვს ორ სხვადასხვა ორბიტაზე: გეოსტაციონარულ ორბიტასა (GEO) და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO). კომპანია ემსახურება კლიენტების ფართო სპექტრს ვიდეო მასალების გლობალური დისტრიბუციისა და მონაცემთა გაცვლის სერვისებით, ორი ბიზნეს-ერთეულით: SES Video (ვიდეო) და SES Networks (ქსელები). SES Video მოიცავს 355 მილიონ ოჯახს, პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობის (DTH) პლატფორმითა და საკაბელო, მიწისზედა და IPTV ქსელებით მსოფლიო მასშტაბით.

ავტორი: ალექსანდრა ისპირიანი