ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები დაიწყება

წელს, პირველად ვილნიუსიდან ბათუმის მიმართულებით ჩარტერული ფრენები იწყება. ტუროპერატორ „ტეზტური“-ს წარმომადგენლები, რომელიც ფრენებს ბათუმის მიმართულებით სექტემბრიდან იწყებს, 20-მდე ტურისტული კომპანიის წევრთან ერთად აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს ეცნობიან.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ცნობით, ლიეტუველ სტუმრებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტთან ერთად შეხვდა და რეგიონისთვის ვილნიუსიდან პირდაპირი ფრენების დაწყების მნიშვნელობაზე, ქვეყნებს შორის მეგობრობასა და თანამშრომლობაზე ესაუბრა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის სტრატეგიული ქვეყნები და ტურისტული ბაზრები, საიდანაც უნდა მოვიძიოთ ახალი ტურისტული ნაკადები. ლიეტუვასთან აქტიურად მიმდინარეობს თანამშრომლობა, როგორც სარეკლამო კუთხით, ასევე კომუნიკაციის თვალსაზრისით და შემოდგომისთვის ვაპირებთ, რომ გვქონდეს პირდაპირი ჩარტერული რეისები, რაც დარწმუნებული ვარ წარმატებით განხორციელდება“,- განაცხადა სტუმრებთან შეხვედრისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

შეხვედრაზე სტუმრებისთვის რეგიონის ტურისტული პროდუქტების პრეზენტაციაც გაიმართა. ლიეტუვა აჭარისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ქვეყანაა, სადაც დეპარტამენტი მარკეტინგულ და ონლაინ რეკლამებს ანხორციელებს. გასულ წელს, აჭარაში ლიეტუვადან 33%-ით მეტი საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა.

„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ბაზრების დივერსიფიცირება. ამ კუთხით კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადავდგით. ჩვენთვის უმთავრესი ტრადიციულ ბაზრებთან ერთად ის ევროპული ქვეყნებია, რომლებიც ბოლო წლებია დავამატეთ სამიზნე ბაზრებს. ამჯერად, ჩვენ ვმასპინძლობთ ინფოტურს ლიეტუვადან. მთავარი მიზანია გამარტივდეს მიმოსვლა ბათუმსა და სამიზნე ქვეყნებს შორის, ასევე რაც შეიძლება ბევრი ჩარტერი დაინიშნოს ევროკავშირის ქვეყნებიდან. ასეთი უკვე მიღწეულია ესტონეთთან და ლიეტუვასთან. შემოსავლების გარდა, მეტი ევროპელი ტურისტი ჩვენთან ნიშნავს იმას, რომ უფრო მულტიკულტურული იქნება ჩვენი ტურიზმი. ბათუმი გამორჩეულია ტურისტულ მიმართულებებს შორის, იმითაც რომ ერთგვარად კულტურათა შეხვედრის ადგილად მიიჩნევა“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

ინფოტური ლიეტუვადან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული კომპანია „აჭარა ტური“-ს ორგანიზებით ჩატარდა. 2018-2019 წლებში, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ინფო და პრესტურებისას რეგიონში 1000-ზე მეტ მედიისა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელს უმასპინძლა.