"კომიტეტი არ ეთანხმება ინიციატივას, რომლის თანახმადაც, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკური ობიექტების მშენებლობა დასაშვები ხდება"

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის პოლიტიკის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განმარტებით, კომიტეტი არ ეთანხმება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის თანახმადაც, დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მასშტაბური ენერგეტიკური ობიექტების მშენებლობა ხდება დასაშვები.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კომიტეტი ჩანაწერის წარმოდგენილ ფორმულირებას მხარს არ უჭერს და ამ თემაზე დისკუსია უნდა გაგრძელდეს.

„ბუნდოვანება უნდა გაიფანტოს და ჩანაწერი დაზუსტდეს. საკანონმდებლო პაკეტის წარმომდგენ სამინისტროსთან კონსულტაციების შედეგად გამოჩნდა, რომ ჩვენს შეთავაზებას ინიციატორიც იზიარებს“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.

პროექტი მთავრობამ პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტის სახით წარუდგინა, რომლის ფარგლებშიც ასევე გათვალისწინებულია არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტების შექმნა.