გურიაში ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, შპს „სოფოს“ შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა - შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.

ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში დაილუქა 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ აღუდგება.