72-კარატიანი იშვიათი ყვითელი ალმასი იპოვეს აფრიკულ ლესოტოში. როგორც სამხრეთ-აფრიკული საინფორმაციო სააგენტო News24 იუწყება, ეს უკვე მესამე მსხვილი თვითნაბადია, რომელიც ლიკობონის წყაროზე მალუტის მთაზე აღმოაჩინეს, სამეფოს ჩრდილო-დასავლეთში. ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქ 46, 70 და 326-კარატიანი ალმასები აღმოაჩინეს.
ბოლო წლების განმავლობაში ლესოტოს სამეფო გახდა მსხვილი და ძალიან მსხვილი ალმასების ყველაზე მთავარი მიმწოდებელი მსოფლიოში. ცნობისთვის, გასულ წელს ამ ქვეყანაში აღმოაჩინეს 910-კარატიანი ალმასი, რომელიც ალმასების ისტორიაში რიგით მეხუთეა სიდიდით. მას უსწრებენ მხოლოდ „ქულინანი“ - 3106 კარატი, „ჩვენი სხივი“ - 1109 კარატი, „ექსელსიორი“ - 995 კარატი და „სიერა-ლეონეს ვარსკვლავი“ - 968 კარატი.
„ქულინანი“ 1905 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს. ის ტრანსვაალის ხელისუფლებამ ბრიტანეთის მონარქ ედუარდ VII-ს ძღვნად მიართვა კოლონიისთვის თვითმმართველობის მინიჭების მადლიერების ნიშნად.