"თელასმა" 2014 წლის პირველი ნახევრის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა

2014 წლის პირველ ნახევარში კომპანია "თელასმა" 1 მილიარდ 100,85 მილიონი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 7% (72,6 მლნ. კვტ.სთ-ით) აღემატება 2013 წლის პირველ ნახევარში მოხმარების მოცულობას (1 მილიარდ 28,21 მილიონი კვტ.სთ).

კომპანიის ინფორმაციით, ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობის მატება ეკონომიკის და მომხმარებელთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.

2013 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით 2014 წლის იგივე პერიოდში 8%-ით (79,47 მლნ. კვტ.სთ-ით) გაიზარდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის რაოდენობა და 1 მილიარდ 47,55 მილიონი კვტ.სთ შეადგინა. ამ მაჩვენებლის ზრდა უპირველეს ყოვლისა დანაკარგების მოცულობის შემცირებამ განაპირობა.

სს "თელასის" აბონენტთა რაოდენობა 2014 წლის 6 თვეში 2013 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 3,3%-ით (17 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 532,5 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 484,1 ათასი ფიზიკური პირია, ხოლო 48,5 ათასი - იურიდიური პირი.

2014 წლის 6 თვის მონაცემებით, კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 4 443 კმ შეადგინა, რაც 4,8%-ით (204 კმ-ით) აღემატება 2013 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს (4 239 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, აბონენტთა რაოდენობის მატების და რეკონსტრუქცია-მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.