2019 წლის თებერვალში კომერციული ბანკების მიერ მცირე მოცულობის სესხების გაცემა შემცირდა.
კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, თებერვალში, ეროვნულ ვალუტაში 1000 ლარამდე სესხის გაცემის 601,009 ხელშეკრულება გაფორმდა, მაშინ, როცა 2018 წლის თებერვალში 915 224 ხელშეკრულება იყო გაფორმებული. რაც შეეხება სესხების მოცულობას, მიმდინარე წლის თებერვალში 140,319 მლნ ლარის, 2018 წლის ამავე პერიოდში კი - 226,448 მლნ ლარის მოცულობის სესხი იყო გაცემული.
სებ-ის სტატისტიკით, თებერვალში ასევე შემცირდა 1000-დან 5 ათას ლარამდე სესხის გაცემის მაჩვენებლებიც. კერძოდ, თუ 2019 წლის საანგარიშო პერიოდში 5 ათას ლარამდე გაცემის 109,412 ხელშეკრულება გაფორმდა, გასული წლის თებერვალში მათი რაოდენობა - 137,680 იყო. სესხის მოცულობა ამ შემთხვევაშიც შემცირებულია, ამ წლის თებერვალში 1000-დან 5 ათას ლარამდე გაცემული სესხების მოცულობამ - 230,655 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2018 წლის თებერვალში - 277,496 მლნ იყო.
რაც შეეხება აშშ დოლარით გაცემულ სესხებს, ამ შემთხვევაშიც 1000-დან 5 ათას დოლარამდე სესხის გაცემის მაჩვენებლები შემცირებულია. კერძოდ, თუ 2019 წლის თებერვალში 1,642 მლნ დოლარის მოცულობის 659 სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში, 1,763 მლნ დოლარის 726 ხელშეკრულება იყო გაფორმებული.
თუმცა, ზრდა არის აშშ დოლარით 1000 დოლარამდე სესხის გაცემის მაჩვენებლებში. სებ-ის სტატისტიკით, მიმდინარე წლის თებერვალში 1,503 მლნ დოლარის 21,713 ხელშეკრულება; 2018 წლის ამავე პერიოდში კი 1,393 მლნ დოლარის 18,331 სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა.