„საშუალოდ, 10 წლით იზრდება ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა მას მერე, რაც თამბაქოს მოხმარებას შეწყვეტს"

საქართველოს პარლამენტში თამბაქოს კონტროლის შესახებ საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი მიმდინარეობს. როგორც ფორუმის დაწყებამდე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში პირველად ტარდება საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ. მისი თქმით, ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგებლები ესწრებიან, რომლებიც ერთმანეთს თამბაქოსთან დაკავშირებით თავიანთ ქვეყნებში არსებულ რეგულაციებს გაუზიარებენ.

„თითოეული კონტინენტიდან წარმოდგენილია ერთი ან ორი ქვეყანა, რომლებიც დღეისთვის არიან იმ პროცესში, რომ მიიღონ ისეთი კანონმდებლობა, რომლითაც შეზღუდული იქნება, როგორც თამბაქოს ტრადიციული პროდუქტები, ასევე ელექტრონული სიგარეტი და ახალი თამბაქოს პროდუქტები. ეს პროდუქტები საკმაოდ სერიოზულ საფრთხეს უქმნის არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. ყოველწლიურად 6 000 000 ადამიანი იღუპება თამბაქოსგან გამოწვეული დაავადებით. აქედან, 600 000 ადამიანი პასიური მოწევის მსხვერპლია. ანუ, ადამიანები არ მოიხმარენ თამბაქოს, მაგრამ მუდმივი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან. ამისგან დაცვის ერთადერთი ხერხია აკრძალვა, რაც საქართველომ წარმატებით განახორციელა და ეს მოქალაქეებმა ძალიან დადებითად მიიღეს. ჩვენი მოქალაქეების 85%-ზე მეტი მხარს უჭერს იმ კონკრეტულ რეგულაციას, რაც არის ის, რომ დახურულ კაფეებში, რესტორნებსა და ბარებში მოწევა შეზღუდულია. ეს ძალიან კარგი სოლიდარობის გამოხატვაა მწეველ მოქალაქეებსა და არა არამწეველებს შორის. გარეთ ეწევიან და ამით ფასდაუდებელ სამსახურს უწვენ არამწეველთა ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. საშუალოდ, 10 წლით იზრდება ადამიანთა სიცოცხლე მას მერე, რაც თამბაქოს მოხმარებას შეწყვეტენ. ეს არის ათასობით კვლევაზე დაფუძნებული მონაცემი. შემდეგი 15 წლის განმავლობაში, თუ ჩვენ განუხრელად დავიცავით ის რეგულაციები, რაც კანონმდებლობითაა მიღებული, 35 000 ადამიანის სიცოცხლე მინიმუმ 15 წლით გახანგრძლივდება და 3,6 მილიარდი ლარის მოგება ექნება ჩვენს ეკონომიკას. ასეთივე ციფრებზეა საუბარი დანარჩენი ქვეყნებისთვის. გამოცდილების გაზიარება სწორედ ამ საკითხებზე მიმდინარეობს“, - განაცხადა ზოიძემ.

პარლამენტში გაერო განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) სამდივნოს, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ორდღიანი „საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიმდინარეობს.

აღნიშნული ფორუმი „FCTC 2030” პროექტის ფარგლებში არის ორგანიზებული, სადაც საქართველო, როგორც პარტნიორი და წამყვანი რეფორმატორი ქვეყანა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობაში, თოთხმეტი პროექტის პარტნიორი ქვეყნის პარლამენტის წევრებს მასპინძლობს.