ტაქსის მძღოლებს ავტომანქანებზე თეთრი ფირის უფასოდ გადაკვრის შემთხვევაშიც, მანქანებზე კომპანია „ალმას“ რეკლამების განთავსება მოუწევთ

ტაქსის მძღოლებს მანქანებზე მერიის მიერ შერჩეული კომპანიის სარეკლამო ბანერების 2 წლის განმავლობაში განთავსება იმ შემთხვევაშიც მოუწევთ, თუ ავტომანქანების გადაღებვაზე უარს იტყვიან და თეთრი ფერის ფირის გადაკვრას დათანხმდებიან.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.

„ფირის გადაკვრის შემთხვევაშიც, ავტომანქანაზე რეკლამას კომპანია „ალმა“ განათავსებს 2 წლის ვადით, ან შესაძლოა, უფრო ნაკლებით და მიიღებს შემოსავალს, ორი წლის შემდეგ კი, ეს სარეკლამო ადგილები მძღოლების საკუთრება იქნება. თუმცა, საინიციატივო ჯგუფი ეთანხმება ამ რეფორმის განხორციელებას. ეს მათი აზრითაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ითხოვენ ეტაპობრივად ამის განხორციელებას. მე კიდევ მაქვს პარასკევს შეხვედრა და ვნახოთ, კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი. ჩვენ მივაწოდეთ ფირის გადაკვრასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რაც ძალიან მოეწონათ და გახარებულები არიან“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება ტაქსის მძღოლების ნაწილის აქციას, როგორც კალაძე აცხადებს, ამას პოლიტიკური მოტივები აქვს.

„უნდათ, რომ ტაქსის მძღოლები გამოიყენონ. ჩვენ მაქსიმალური კომუნიკაცია გვაქვს მათთან და მივაწოდეთ ინფორმაციები. ეს მათთვის, ისევე, როგორც მოსახლეობისთვისაც საინტერესოა. ჩვენ ერთი დღით ხომ არ ვცხოვრობთ? - ვუყურებთ მომავალს. ზოგადად ტაქსი ქალაქის სახეა და ეს ყველაფერი მოწესრიგებული უნდა იყოს, როგორც ეს განვითარებულ, ევროპულ ქალაქებშია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ტაქსის რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან იწყება. ამ დროიდან დედაქალაქში მოძრავი ტაქსები თეთრი ფერის უნდა იყოს. ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებს მერიის მხრიდან გადაეცემათ უფასო საპარკინგე ადგილები, მანათობელი ნიშნები, ღებვისა და ქიმწმენდის ვაუჩერები რეკლამის სანაცვლოდ, შემოსავლის წყარო უფასო რეკლამის სახით, ასევე გათავისუფლდებიან საშემოსავლო გადასახადებისაგან.