ადგილობრივ ბაზარზე კარტოფილის ფასი, გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია.
როგორც თბილისის აგრარულ ბაზრებში მოვაჭრეები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ამის მიზეზი თურქეთიდან პროდუქტის იმპორტის შემცირება, ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან კი ფასის გაძვირება გახდა.
ერთი კილოგრამი წვრილი კარტოფილი, რომელიც ერთი თვის წინ - 40-50 თეთრი ღირდა, ახლა 70-80 თეთრი, ხოლო შედარებით კარგი ხარისხის პროდუქტი 1 ლარიდან 1,70-2 ლარამდე გაძვირდა.
„თურქეთიდან თითქმის აღარ შემოდის, ადგილობრივებმა კიდევ გაგვიძვირეს, ამიტომ მეტი გზა არ გვაქვს, ჩვენც ფასის მომატება მოგვიწია. აქაური მწარმოებლებისაც გვესმის, ძველი კარტოფილის სეზონი მიიწურა, აღარ არის მარაგი. ამ ყველაფერმა ერთიანობაში ფასზეც იქონია გავლენა“,-აცხადებენ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას მოვაჭრეები.