2019 წლის თებერვალში ქვეყნიდან 244 998 საქართველოს მოქალაქე გავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ამასთან, უწყების ცნობით, თებერვალში საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებიდან ყველაზე ხშირად გერმანიაში მიემგზავრებოდნენ. კერძოდ, გერმანიაში საქართველოს მოქალაქეთა გასვლების რაოდენობა 5 112 იყო. მას მოსდევს პოლონეთი, სადაც - 3 198 გამგზავრება ფიქსირდება; მე-3 ადგილზე კი - 2 994 გასვლით საბერძნეთია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციაზეც მოიცავს ინფორმაციას. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 91 პირი თურქეთიდან გამოადეპორტეს. მას მოსდევს ისრაელი - 81 საქართველოს მოქალაქით; მე-3 ადგილზეა - გერმანია, საიდანაც თებერვალში 19 პირი გამოადეპორტეს; მე-4 ადგილს საფრანგეთი იკავებს - საიდანაც 16 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა, მას მოსდევს რუსეთი - 14 მოქალაქის დეპორტაციით.
საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის მიხედვით, ქვეყნების ათეულში არიან ასევე: იტალია - 11; ნიდერლანდი, შვედეთი და შვეიცარია - 9-9-9 მოქალაქის; ათეულში ბოლო ადგილებს ბელგია და ესპანეთი იკავებენ, საიდანაც 8-8 საქართველოს მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა.