1-ლი მაისიდან თამბაქოს ბიზნესისთვის ახალი ვალდებულება ამოქმედდება.
ამის შესახებ, თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ თავმჯდომარემ გიორგი ბახტურიძემ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მანვე თუთუნის რეალიზაციის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროდუქტის რეალიზაცია ხდება კანონდარღვევით, რადგან არ აქვთ გადახდილი აქციზი და შეფუთვა-მარკირების წესებიც დარღვეულია.
„ეს პროდუქტი საცალო ბაზარზე როგორც ნედლეული ისე გადის და არ იბეგრება მაშინ როცა 1 კილოგრამ თუთუნზე სადაბეგრი რეჟიმით 35 ლარია, ანუ მეწარმეები ამ თანხის გადახდას თავს არიდებენ. როგორც უაქციზო საქონლის რეალიზაცია, ეს არის ადმინისტრაციულად დასჯადი დანაშაული, მაგრამ თუ დიდი რაოდენობით ხდება უაქციზო საქონლის რეალიზაცია, ამ შემთხვევაში შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დადგეს.
მეორე საკითხია შეფუთვა/მარკირება, როდესაც მომხმარებელს ტომრიდან ცელოფნის პარკში უყრიან 100-200 გრამს, ეს არის კანონდარღვევა, რადგან ის უნდა იყოს კანონის შესაბამისად შეფუთული, მარკირებული, პიქტოგრამა უნდა იყოს მასზე გამოსახული, უნდა ჰქონდეს გაფრთხილება სამედიცინო ქართულ ენაზე და ასევე აქციზი უნდა იყოს დაკრული. მხოლოდ ამ შემთხვევაში აქვს მეწარმეს რეალიზაციის უფლება.
შესაბამისად, გამოდის რომ ამ პროდუქტის რეალიზაცია კანონდარღვევით ხდება, რადგან აქციზი არ აქვთ გადახდილი და შეფუთვა-მარკირების წესებიც დარღვეულია, რაზეც 2 ათასი ლარიდან არის საჯარიმო სანქცია. თუმცა, იანვრიდან, მას შემდეგ რაც ამ კუთხით სიტუაცია გამძაფრდა, დასჯილი ორგანიზაცია არ მინახავს,“-აღნიშნა ბახტურიძემ.
მანვე ბიზნესისთვის ახალ ვალდებულებაზეც ისაუბრა, რომელიც 1-ლი მაისიდან ამოქმედდება.
„1-ლი მაისიდან სავალდებულო ხდება, რომ თუ თუთუნი, ელექტრო სიგარეტი, ან სხვა ნებისმიერი სახის თამბაქოს პროდუქტი, სარეალიზაციოდ გაგაქვს, 3 თვით ადრე ვიდრე სარეალიზაციოდ სავაჭრო ქსელში გაიტან, ჯანდაცვის სამინისტროში უნდა წარადგინო ყველა ინფორმაცია ამ თამბაქოს ნაწარმის შემადგენლობის და მისი ქიმიური დანამატების შესახებ. მსგავსი ინფორმაციის წარდგენა ქვეყანაში შემოსულ ყოველ პარტიაზე სავალდებულო იქნება. თუ მეწარმე ამ მოთხოვნას არ შეასრულებს ან არასრულად წარადგენს ინფორმაციას, კანონით საჯარიმო სანქციაა გათვალისწინებული,“-განაცხადა ბახტურიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძემაც ისაუბრა. მისი თქმით, უფილტრო და ფილტრიან სიგარეტზე ფასის გაზრდის შემდეგ მოქალაქეებმა სიგარეტის მოხმარების შემცირების ნაცვლად იაფი პროდუქტის, დაფასოებული თამბაქოს ყიდვა დაიწყეს.