„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების აქცია მიმდინარეობს.
ტაქსის მძღოლები ივანიშვილის სახლთან საპროტესტო მსვლელობით ავიდნენ, რომელიც აგრარული უნივერსიტეტიდან დაიწყო.
ტაქსებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს აქციის მონაწილე მძღოლები საყვირებით გააპროტესტებენ. კერძოდ, ტაქსის მძღოლების ნაწილს ის ახალი რეგულაციები არ მოსწონს, რომლის მიხედვითაც, ტაქსები „ა“ და „ბ“ კატეგორიად დაიყოფიან, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები კი ავტომობილებს თეთრად დაფერავენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.
აღსანიშნავია, რომ როგორც დღეს გახდა ცნობილი, ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, მანქანების გადაღებვა აღარ მოუწიოთ და მათ ავტომანქანაზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან, თუმცა მძღოლების თქმით, არც სტიკერების დაკვრაა მათთვის მისაღები, რადგან ეს საკმაოდ ძვირი ღირს და 700-ლარიანი ვაუჩერი ამისთვის არ ეყოფათ.
ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი.