ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები კახა კალაძეს ულტიმატუმს უყენებენ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები თბილისის მერს კახა კალაძეს ხვალამდე აძლევენ დროს, რათა ტაქსების თეთრად გადაღებვის შესახებ რეგულაციები დაახლოებით 2 წლით გადავადდეს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, დღევანდელი მსვლელობა მხოლოდ გამაფრთხილებელია და იმ შემთხვევაში, თუ თბილისის მერი ტაქსების თეთრად გადაღებვის შესახებ რეგულაციებს არ გადაავადებს, მასშტაბური აქციები დაიწყება.

„ეს იყო გამაფრთხილებელი მსვლელობა. თბილისის მერიას ხვალ აქვს გადაწყვეტილების მიღების ბოლო დღე. თუ ქალაქის მერია კონკრეტულ კანონზე უკან არ დაიხევს, მასშტაბური აქციები დაიწყება“, - ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა.

შეგახსენებთ, ტაქსის მძღოლები ივანიშვილის სახლთან საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ. ადგილზე ამ დროისთვის მოძრაობა კვლავ შეფერხებულია. აქციის მონაწილეების ნაწილი დაშლას აპირებს, ნაწილი აქციას განაგრძობს, ნაწილი კი აქციის გაგრძელებას თბილისის საკრებულოსთან აპირებს.

ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები ტაქსებთან დაკავშირებულ ახალ რეგულაციებს აპროტესტებენ. კერძოდ, ტაქსის მძღოლების ნაწილს ის ახალი რეგულაციები არ მოსწონს, რომლის მიხედვითაც, ტაქსები „ა“ და „ბ“ კატეგორიად დაიყოფიან, „ა“ კატეგორიის ტაქსის მძღოლები კი ავტომობილებს თეთრად დაფერავენ. აქციის მონაწილეები ასევე აპროტესტებენ მარჯვენასაჭიანი ავტომობილით ტაქსის ლიცენზიის მიღების აკრძალვას.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, მანქანების გადაღებვა აღარ მოუწიოთ და მათ ავტომანქანაზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან, თუმცა მძღოლების თქმით, არც სტიკერების დაკვრაა მათთვის მისაღები, რადგან ეს საკმაოდ ძვირი ღირს და 700-ლარიანი ვაუჩერი ამისთვის არ ეყოფათ.