ნინოწმინდაში, კარწახში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

ფინანსთან სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ნინოწმინდაში, კარწახში, თბილისისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინა, - ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ეჭვის საფუძველზე რამდენიმე მოქალაქის ხელბარგი და ავტომობილი შეამოწმეს.

„26 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ნინოწმინდა“, ,,კარწახი“, ,,თბილისის აეროპორტი“ და ,,ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ირანისა და სომხეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (269 აბი და ჰაშიში 4.8 გრ.) და ფსიქოტროპული (864 კაფსულა და 565 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა, სადაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები და გამოძიება სსკ-ის 260-ე, 262-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს.