ბიძინა ივანიშვილის სახლთან ტაქსის მძღოლების აქცია დასრულდა, მათი ნაწილი საპროტესტო აქციის საკრებულოსთან გაგრძელებას აპირებს

ტაქსის მძღოლების აქცია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლთან გაიმართა, დასრულდა. ტაქსის მძღოლების ნაწილმა თბილისის მერს კახა კალაძეს მისცეს ორკვირიანი ვადა, რათა გააუქმოს დაწესებული რეგულაცია, რომელიც ტაქსის მძღოლებს ავტომობილის თეთრად შეღებვას ავალდებულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან ისინი მჯდომარე აქციის გამართვით იმუქრებიან.

ტაქსის მძღოლების ნაწილი დღესვე აპირებს საკრებულოსთან განაგრძონ პროტესტი.

აქციის მონაწილეების განცხადებით, მერიის შეთავაზება, რომ ტაქსის მძღოლებს შესაძლოა, მანქანების გადაღებვა აღარ მოუწიოთ და მათ ავტომანქანაზე მხოლოდ თეთრი ფერის ფირი გადააკრან, არსებულ პრობლემებს არ ხსნის.

„ფირის გადაკვრა ისეთი რამეა, რომ ჩათვალე, მანქანას აფუჭებ, თუ ხარისხიანად არ გააკეთებ. ხარისხიანს კი სადღაც 2000 ლარი მაინც უნდა და 2000 ლარს არავინ გაძლევს. ამას რომ ააძრობ 2 წლის მერე, აჰყვება საღებავიც, ამიტომ გაყიდვისთვის უკვე აღარ ვარგა. ცოდოები არიან მძღოლები. მათ 90%-ს მანქანები ნაქირავები აქვთ.

ყველაზე საცოდავი და მშრომელი ფენის ჩაძირვა უნდათ. ისე, იცოდეს ამ მთავრობამ, რომ ტაქსის მძღოლებმა „გადააგდეს“ მიშა“, - განაცხადა აქციის მონაწილემ.

შეგახსენებთ, დღეს ტაქსის მძღოლები აგრარულ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ და ავტოკოლონით სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის სახლთან მივიდნენ.