საპარლამენტო კომიტეტებმა “შრომის კოდექსში“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის მიერ წარდგენილ პროექტს მხარი არ დაუჭირეს.
საკითხი დღეს პარლამენტის იურიდიულ, ადამიანის უფლებათა დაცვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების სხდომაზე განიხილეს, თუმცა სამივე კომიტეტმა ჩააგდო. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტის ინიციატორთა შორის არიან როგორც უმრავლესობიდან გასული დეპუტატები, ასევე უმრავლესობის რამდენიმე წევრი.
როგორც ბექა ნაცვლიშვილმა განმარტა, ცვლილებები სრულყოფილად აყალიბებს დასაქმებულის დეფინიციას და მკვეთრად მიჯნავს ერთმანეთისაგან შრომით და მომსახურების ხელშეკრულებას.
“საქართველოს შრომის კოდესის არსებულ რედაქციაში დასაქმებულის დეფინიცია ბუნდოვანია და თითქმის არ განსხვავდება მომსახურების/ნარდობის ურთიერთობის განმარტებისგან, რაც საშუალებას აძლევს დამსაქმებლებს შრომითი ურთიერთობის მომსახურების ხელშეკრულებად შენიღბვის გზით თავი აარიდონ “შრომის კოდექსით“ მათზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ხოლო დასაქმებულებს ერთმევათ საშუალება შრომითი უფლებების სრულყოფილად რეალიზების - მაგალითისთვის, ეს არის ანაზღაურებადი შვებულება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების გაზრდილი ოდენობით მიღება და სხვა. მომსახურების/ნარდობის ხელშეკრულების დადება, როგორც წესი, დამსაქმებლის სურვილით ხდება. სამუშაო ადგილებისა და დასაქმების პრობლემის გათვალისწინებით ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარის ამ ქმედებას ვერ ეწინააღმდეგება ბევრი დასაქმებული. შესაბამისად კანონის სრულყოფა, მომსახურების და შრომის ხელშკრულების გამიჯვნა, ამ უკანასკნელის ცნების არაორაზროვნად ჩამოყალიბება დამსაქმებლებს მოუსპობს საშუალებას ბოროტად ისარგებლონ მშრომელთა დაქვემდებარებული მდგომარეობით“, - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.