ფოთსა და დაბა გრიგოლეთში კომპანიები სამორინეს მოწყობის სანებართვო მოსაკრებელს რამდენიმე წლით არ გადაიხდიან.
ამის შესახებ მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის დადგენილებაშია აღნიშნული.
კერძოდ, დადგენილების თანახმად, ცვლილება შედის „სამორინეს მოწყობისათვის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთებისა და შეღავათების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 11 ივლისის №250 დადგენილებაში. შედეგად კი, დადგენილების პირველი მუხლის მე-3 პუნქტი შემდეგი რედაქციით ჩამოყალიბდება: „სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთში, აგრეთვე ქ. ფოთის მუნიციპალიტეტში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ახლად აშენებული სასტუმროების ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში“.
რაც შეეხება სანებართვო მოსაკრებლის წლიურ განაკვეთს ის მთელი საქართველოს ტერიტორიაზე 5 მლნ ლარს შეადგენს. თუმცა, კანონი გამონაკლისებსაც ადგენს და ესენია: ბ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 100 000 ლარი; გ) გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის ტერიტორიაზე − 250 000 ლარი;
დ) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის დაბა გრიგოლეთის ტერიტორიაზე − 250 000 ლარი; ე) ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე − 250 000 ლარი“.
ამასთან, როგორც ცნობილია, კანონით, სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება ბათუმში, აგრეთვე ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ახლად აშენებული არანაკლებ ასნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა, ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიასა და სოფელ განმუხურში ახლად აშენებული არანაკლებ ოთხმოცნომრიანი სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობა ახლად აშენებული სასტუმროს ტერიტორიაზე სამორინეს მოწყობის ნებართვის გაცემიდან 10 წლის განმავლობაში.
2019 წლის 3 ივნისიდან კი სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლდება ასევე გუდაურის განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე, დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე, აგრეთვე წყალტუბოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე. ასევე, სამორინეს მოწყობა სანებართვო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტისა და თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდლის ტერიტორიებზე.